ახალი ამბები

ბუდაპეშტის პრაიდი: ათასობით ადამიანმა დაგმო ჰომოფობია და მთავრობის პოლიტიკა

25 ივლისი, 2021 • 2753
ბუდაპეშტის პრაიდი: ათასობით ადამიანმა დაგმო ჰომოფობია და მთავრობის პოლიტიკა

ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი შეუერთდა მარშს, რომლითაც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მოითხოვეს. თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა წლევანდელ მსვლელობაზე გააპროტესტეს ქვეყნის მემარჯვენე, კონსერვატიული მთავრობის მიერ მიღებული საკამათო კანონი, რომლითაც მეტად იზღუდება სკოლებში ლგბტ საკითხების შესახებ სწავლება და დისკუსიები.

მარშის მონაწილეებმა უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებით გაიარეს. ეს იყო, ერთი მხრივ, ზეიმი, მეორე მხრივ კი — პროტესტი ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომელიც ქვეყანას 2010 წლიდან მართავს და როგორც ამბობს, თავისი პოლიტიკით ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს იცავს დასავლური ლიბერალიზმისგან.


24 ივლისის მარშის მონაწილეები მწვავედ აკრიტიკებდნენ ახალ კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს 18 წელს ქვემოთ ადამიანებისთვის ჰომოსექსუალობისა თუ ტრანსგენდერობის შესახებ ნებისმიერი მასალის ჩვენებას.

კონსერვატიული მთავრობა ამბობს, რომ არსებობს მასალები, რომელთა შინაარსმაც გარკვეულ ასაკამდე მიუღწეველ ბავშვებზე, შესაძლოა, “მავნე ზეგავლენა მოახდინოს”. აქტივისტების შეფასებით კი, მსგავსი კანონები ჰყოფს ქვეყანას და ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას, მათ სტიგმატიზებას ემსახურება.

“ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. კომუნისტურ ეპოქაში აღარ ვართ, ეს ევროკავშირია და ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ისე, როგორც სურს”, — უთხრა ერთ-ერთმა დემონსტრანს სააგენტო “როიტერს”.

ორგანიზატორების თქმით, მარში წარმოადგენდა ოპოზიციას ძალაუფლებას მოწყურებული პოლიტიკოსების მიმართ და პროტესტს ლგბტ ადამიანების დაშინების წინააღმდეგ. ღონისძიებას მხარდაჭერა 40-მდე საელჩომ გამოუცხადა.

დემონსტრაციაზე ისმოდა მოსაზრებებიც, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობის ეს ნაბიჯები მომდევნო წლის არჩევნებს უკავშირდება, რომელიც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ორბანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანებას შეძლებს.


ბოლო გამოკითხვით, რომელიც Ipsos-მა ჩაატარა, უნგრელების 46% ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა.

უნგრეთის ხელისუფლების პოლიტიკა ევროკავშირში აქამდეც აშფოთებდათ, უკანასკნელი კანონის მიღების შემდეგ კი ევროკომისიამ ქვეყნის წინააღმდეგ ლეგალური პროცედურები დაიწყო, დასძინა რა, რომ მსგავსი ნაბიჯები დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი