“ფაიზერის” დოზებს შორის რვაკვირიანი ინტერვალის შემთხვევაში იმუნური პასუხი უფრო მძლავრია – ამის შესახებ საუბარია ახალ კვლევაში, რომელიც ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დააფინანსა.
როგორც “გარდიანი” წერს, კვლევის ავტორებმა შეადარეს დოზებს შორის 4 და 10- კვირიან ინტერვალებში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს 503 სამედიცინო მუშაკის მონაცემი, რომელთაგან 223-ს (44%) COVID-19 გადატანილი ჰქონდათ და “ფაიზერის” ვაქცინით აიცრნენ. შედეგად, აღმოჩნდა, რომ 3-4 კვირის და 10 კვირის ინტერვალითაც “ფაიზერის” ვაქცინამ ძლიერი იმუნიტეტის გამომუშავებას შუწყო ხელი, თუმცა 10 კვირის შემთხვევაში, ორგანიზმში მეტი იმგვარი ლიმფოციტი (T-cell) გამომუშავდება, რომელიც იმუნურ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. შედეგად, მეცნიერები შეჯერდნენ, რომ 8- კვირიანი ინტერვალი “ფაიზერის” ვაქცინის შემთხვევაში ყველაზე ეფექტიანია.
ამასთან, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ხანგრძლივი ინტერვალის შემთხვევაში, გამომუშავდება “დელტა” და სხვა შტამების მეტი გამანეიტრალებელი ანტისხეული.
მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მეორე ინექციამდე პირველი აცრის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა დაეცა, რაც პირველი აცრის შემდეგ პაციენტებს მოწყვლადს ტოვებს “დელტა” შტამის მიმართ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა არსებობდეს გამონაკლისები, როცა 8 კვირის ნაცვლად 4-კვირიანი ინტერვალი პაციენტისთვის უფრო სასარგებლო იყოს. მაგალითად, ისეთი ჩარევების დროს, რომელმაც შესაძლოა იმუნურ სისტემაზე გავლენა იქონიოს, მაგალითად, სიმსივნე ან ორგანოს გადანერგვა.