საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი კი გარდაიცვალა. უკანასკნელი თვის განმავლობაში საქართველოში სულ რამდენიმე დღე იყო, როცა გარდაცვალების მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვს ჩამოსცდა.
ამის პარალელურად, ისეთ ქვეყნებში, სადაც დღიური ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოზე 10-ჯერ მეტია, სიკვდილიანობა მაინც დაბალ ნიშნულზე რჩება, რასაც ექსპერტთა ნაწილი ამ ქვეყნებში ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს.
რა კავშირია ვაქცინაციასა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის
COVID 19-ის დღიური გავრცელება რეალურ რიცხვებში
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ინფიცირება ყველგან იმატებს, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობის 60% უკვე აცრილია, თუმცა სიკვდილიანობა დაბალ ნიშნულზე რჩება. ჭიაბერაშვილი ხაზს უსვამს, რომ მაგალითად, ესპანეთში ორი დღის ჯამური ინფიცირების მაჩვენებელი 47 000-ს აღწევს, თუმცა ამავე დღეებში გარდაცვლილი, ჯამში, სულ 36 პაციენტი იყო. საქართველოში კი, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 10-ჯერ ნაკლები დაფიქსირდა, ორ დღეში 52 ადამიანი გარდაიცვალა:
“ ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ პირდაპირი კავშირია ვაქცინაციასა და მაღალ სიკვდილიანობას შორის. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აცრა იცავს სიკვდილისაგან და დღეს ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენენ აუცრელი ადამიანები” ,- ამბობს ჭიაბერაშვილი.
COVID 19-ით დღიური გარდაცვალება რეალურ რიცხვებში
COVID 19-ის დღიური გავრცელება და სიკვდილიანობა ქვეყნების მიხედვით რეალურ რიცხვებში
აღნიშნული მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს შეწონილი მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში, ვირუსის გავრცელება უფრო ფართოა, ვიდრე საქართველოში, მილიონ მოსახლეზე დათვლილი სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი 5-ჯერ ან მეტჯერ ნაკლებია.
ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კაკი ზოიძე აცხადებს, რომ დღეს არსებული ვაქცინები, პირველ რიგში, სწორედ სიკვდილიანობის შესამცირებლადაა შექმნილი. ამასთან, მათი დანიშნულება მძიმე შემთხვევების თავიდან აცილება და გადაცემის ჯაჭვის შეწყვეტაა. ზოიძე განმარტავს, რომ ვინაიდან ინფექცია ვაქცინირებულის ინფიცირების შემთხვევაში მძიმედ არ მიმდინარეობს, ორგანიზმში იმ რაოდენობით ვირუსი არ გამომუშავდება, რომ სიმპტომები კლინიკურად გამოხატული იყოს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ვირუსული დატვირთვა შედარებით ნაკლებია.
ზოიძის თქმით, უკვე ასობით ათასი შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით, როცა ერთსა და იმავე ოჯახში სრულად ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა და მიუხედავად ახლო საყოფაცხოვრებო კონტაქტისა, ოჯახის წევრებისთვის დაავადება არ გადაუცია. ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნავს, რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც აცრილი ადამიანების წილი 50%-ს აჭარბებს, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა და გავრცელების პიკური მაჩვენებლისა, ორი ტენდენცია იკვეთება:
“პირველი, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა კვლავაც არიან აუცრელი ადამიანები და მეორე, თუ აცრილი ადამიანები ინფიცირდებიან, სიკვდილიანობა მათ შორის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ბრიტანეთს აქვს 54 000 დღიური ინფიცირების შემთხვევა, სიკვდილიანობა 50-ს არ აღემატება, როდესაც შარშან, როცა ჯერ კიდევ არ იყო აცრილი მოსახლეობის 50%, იმავე რაოდენობის დაავადების შემთხვევაში, სიკვდილიანობა იყო მინიმუმ 10-ჯერ მეტი.
ესეც იმის გამოა, რომ სიკვდილიანობის უმეტესი ნაწილი მოდის აუცრელ ადამიანებზე. ასე რომ, იმის თაობაზე რასაც ანტივაქსერები ავრცელებენ, რომ ვაქცინა არაფერს არ შველის და ადამიანები მაინც ინფიცირდებიან, ეს არის მტკნარი სიცრუე, მანიპულირება და ადამიანების შეცდომაში შეყვანა იმისათვის, რომ უიმედობა დანერგონ ამ კუთხით”, – აცხადებს კაკი ზოიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
სიკვდილიანობის დღიური მაჩევენებელი მილიონ მოსახლეზე
მისი თქმით, სწორედ წარმატებული ვაქცინაციის მაგალითია ის ქვეყნები, სადაც მაღალი ინფიცირების მიუხედავად, სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევების შედეგად ჰოსპიტალიზება მკვეთრად, რამდენიმე ათეულჯერ არის შემცირებული. ზოიძის თქმით, ტრაგიკული კანონზომიერებაა ის ფაქტი, რომ საქართველოში ორნიშნა გარდაცვალების მაჩვენებელი ფიქსირდება და მიიჩნევს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს:
“ახლა, ბოლო ორი დღეა, მომატებული გვაქვს ძალიან და მოსალოდნელია რომ მოიმატებს სიკვდილიანობა, რაც ტრაგედიაა, რაც არის რეალური შედეგი იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ასე მკვეთრად მატულობს”, – აცხადებს კაკი ზოიძე.
აცრილი მოსახლეობის წილი პოპულაციაში
ზოიძე მიიჩნევს, რომ კორელაცია აცრის მაჩვენებელსა და სიკვდილიანობას შორის მართლაც არის, თუმცა აღნიშნავს, რომ საჭიროა საკითხის კომპლექსურად გაანალიზება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიურად გაანალიზდეს სიკვდილიანობის სტატისტიკა, რათა გაირკვეს, სისტემურ ჩავარდნას ხომ არ აქვს ადგილი:
“უნდა შევხედოთ, რა დემოგრაფიაა, ასაკობრივად ვინ არიან, ვინც გარდაიცვალა, დაგვიანება ხომ არ იყო მიზეზი, ჩარევები რა ჩაუტარდათ და ა.შ. ანალიზი არის აუცილებელი, რაც კლინიკურმა ჯგუფმა უნდა გააკეთოს და ჯანდაცვის სამინისტრომ, იმისათვის კი არა, რომ ვინმეს ბრალი მოვძებნოთ, ვნახოთ, რაიმეს არასწორად ხომ არ ვაკეთებთ, რაც შეიძლება გამოვასწოროთ და თუნდაც 2-3 სიცოცხლე გადავარჩინოთ”, – აცხადებს კაკი ზოიძე.
ხარვეზები ვაქცინაციის კამპანიაში
კაკი ზოიძეც და ზურა ჭიაბერაშვილიც მიიჩნევენ, რომ გამოსავალი ვაქციანციაშია და ორივე მიუთითებს ლოჯისტიკურ და საკომუნიკაციო ხარვეზებზე. ქსპერტები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციის აქტიური კამპანიისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა დაგვიანდა, თუმცა მათი აზრები პროგნოზებთან დაკავშირებით იყოფა.
ზურა ჭიაბერაშვილი ვაქციანციის კამპანიის მიმართულებით ორ პრობლემას გამოკვეთს, საინფორმაციოსა და ლოჯისტიკურს:
“მთავარი პრობლემა არის 2: საინფორმაციო და ლოჯისტიკური. საინფორმაციო იმ თვალსაზრისით, რომ აი, “ნეტგაზეთს” წაიკითხავს და ტელევიზორს ჩართავ კი არა, უთოს რომ ჩართავ, იქიდანაც ვაქცინაციაზე უნდა გელაპარაკებოდნენ. მეორე- ლოჯისტიკა.
ჩვენ კი არ უნდა დავდიოდეთ სხვა ქალაქში, რომ ავიცრათ, მცხეთაში ვიყავი ორივეჯერ “სინოფარმით” ასაცრელად პირადად მე, არამედ სახლიდან რომ გამოვალ, ვაქცინა მაშინვე უნდა მეფეთებოდეს”, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
კაკი ზოიძე კი აღნიშნავს, რომ თუნდაც არასწორი კომუნიკაციის შედეგია ის, რომ დღეს “სინოფარმის” და “სინოვაკის” მიმართ ნდობა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არ არის მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ქვეყნდება აღნიშნული ვაქცინების სასარგებლოდ კვლევები.
ზოიძე აღნიშნავს, რომ ე.წ. “დელტა” შტამის გავრცელების პირობებში გაცილებით დიდი შანსია პირი სასურველი ვაქცინის მოლოდინში დაინფიცირდეს და დაავადება მძიმე ფორმით წარიმართოს და აღნიშნავს, რომ განუზომლად დიდ სარგებელს მოიტანს ნებისმიერი ვაქცინით იმუნიზაცია. ზოიძე მიიჩნევს, რომ მოსამზადებელი სამუშოები გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო, განსაკუთრებით, კომუნიკაციის კუთხით:
“მე როგორც ვხვდები, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლზე არ ვამბობ, მაგრამ მთავრობას არ აქვს ბოლომდე გასიგრძეგანებული, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა. მეორე ალბათ იმიტომ, რომ არ უნდოდათ ზედმეტი მოთხოვნის შექმნა, როცა ვაქცინის მოწოდება შეზღუდული იყო”, – ამბობს ზოიძე და აღნიშნავს, რომ ახლა ქვეყანაში ვაქცინების მარაგები არსებობს და დამატებითი დოზებიც დღე-დღეზე უნდა შემოვიდეს.
ზოიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის მსურველებს არ უნდა შეექმნათ დამატებითი ბარიერები კერძოდ, არ უნდა იყოს რიგები, არ უნდა ითიშებოდეს სერვერი და ვაქცინაციის ჩატარება ყველა კუთხეში უნდა იყოს შესაძლებელი.
კაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის კამპანიაში ხელისუფლების ყველა შტოს ჩართვაა საჭირო და საკითხის განხილვა ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევის რანგში უნდა ხდებოდეს:
“ამაზე დიდი ეროვნული გამოწვევა დღეს საქართველოს არ აქვს ნამდვილად და ამ პროცესში ეს რომ ავუხსნათ ადამიანებს, რომ აცრა აუცილებლად უნდა გაიკეთონ, უნდა დავიწყოთ უკვე ყველა ადგილას ვაქცინაცია. ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში, უნდა მიდიოდეს სტრატეგიული კომუნიკაცია ყველა ჯგუფზე მიმართული, მათ ენაზე. მუდმივად პროაქტიულად უნდა იყოს კითხვებზე პასუხები.
ყოველდღე უნდა მიდიოდეს ჩვენება, რომ თუნდაც ისრაელში ამდენი შემთხვევაა ყოველდღიურად, მაგრამ სიკვდილიანობა შემცირებულია ამდენით, რომ ინგლისმა 19 ივლისს თავისუფლების დღე გამოაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ 54 ათასი შემთხვევა აქვთ, პრაქტიკულად გადაიყვანეს ეს შემთხვევა… ჩვეულებრივი სეზონური გრიპის და მსუბუქი გაციების დონემდე დაჰყავს ეს დაავადება ვაქცინას, ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ” ,- აღნიშნავს ზოიძე.
როგორი იქნება ეპიდვითარება შემოდგომა-ზამთარში
კაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თუ საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დონეზე დარჩება, ვაქცინების მარაგების ქონის მიუხედავად, სექტემბრისთვის უკვე აღარ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც იმუნიზაციის სურვილი ექნებათ:
“ახლა მილიონი ვაქცინა გვიდევს რეალურად, “ფაიზერიც” რამდენიმე დღეში შემოვა 500 000 დოზა და გვექნება სიტუაცია, როცა ვაქცინები გვაქვს, მაგრამ მსურველები აღარ იქნებიან უკვე სექტემბრისთვის. პირდაპირ გეუბნებით ჩემს პროგნოზს, თუ ასე დარჩა, სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმედზე.
ერთ დღეში და ერთ კვირაში არ ხდება გარდატეხა ადამიანების ფსიქოლოგიის, ქცევის და დამოკიდებულის. კი, შეიძლება დავარწმუნოთ ადამიანი, რომ აცრა კარგია, მაგრამ იმდენად ვერა, რომ კონკრეტული ქმედება განახორციელოს. ამისათვის ან ბარიერი იყოს რაღაც, რიგებია, მოდი, მერე გავიკეთებ… რომ დაარწმუნებ ადამიანს, კიდევ ხელი უნდა შეუწყო, რომ იმ რწმენის შედეგად იმოქმედოს” ,- აცხადებს კაკი ზოიძე.
მისი თქმით, იმისათვის, რომ შემოდგომაზე იგივე შედეგი არ დადგეს, რაც გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში ვიხილეთ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პროცესის დასაჩქარებლად და მოსახლეობის 60-70 პროცენტის ასაცრელად
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ პროცესის დასაჩქარებლად. ახლა ჩამოვიდა ვაქცინა და უკვე გვიანია კომუნიკაცია. ამიტომაც, ახლა სასწრაფოდ მისაღებია ზომები, რომელიც სხვა ქვეყნებმა მიიღეს, რათა წავახალისოთ აცრა და ადამიანი, რომელიც გაწირავს თავის შთამომავლებს და მცირეწლოვან თანამოქალაქეებს, ასეთ ადამიანებთან მსჯელობა არ ღირს.
ის ადამიანები, ვისაც კითხვები აქვს, ყოყმანობს, უნდა მივცეთ ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ. ამით 60-70 პროცენტს ჩვენი მოსახლეობის ავცრით და მერე უკვე ის 30 პროცენტი ,ყველაზე უფრო რეზისტენტული, წახალისებებს თუ დისკომფორტს უნდა დაექვემდებარონ”, – ამბობს კაკი ზოიძე.
ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურების აუცილებლობას ხედავს ზურაბ ჭიაბერაშვილიც, თუმცა მიიჩნევს, რომ ამას ეფექტი მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისში ექნება, მიმდინარე წლის შემოდგომას კი საქართველო დაუცველი ხვდება:
“ჩვენ ახლა ვეღარაფერს ვიზამთ. ჩვენ უნდა მივიღოთ მოცემულობად, რომ ამ შემოდგომა-ზამთრისთვის ვართ დაუცველები. დღეიდან რომ გასამმაგდეს და გახუთმაგდეს აცრის პროცესი, ჩვენ იმ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვნად შეგვიმცირებდა სიკვდილიანობას, წლის ბოლომდე მაინც ვერ გავალთ და მაღალი ალბათობით ამ მაჩვენებელზე გავალთ წლის დასაწყისში.
ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავაათმაგოთ ვაქცინაციის ძალისხმევა, უნდა გავაათმაგოთ იმისთვის, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე და ზაფხულში მაინც ვიყოთ დაცული. მაგრამ ამ შემოდგომას ჩვენ ვხვდებით დაუცველი. ამიტომ, გარდაუვალია, რომ ჩვენ გვექნება მაღალი სიკვდილიანობა”, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ერთადერთი გამოსავალი კვლავ ვაქცინაციაშია, იქამდე კი, სანამ პოპულაციურად დაუცველები ვართ, ყველა ადამიანმა, მათ შორის აცრილებმაც, დახურულ სივრცეში პირბადე უნდა ატარონ და კონტაქტები მაქსიმალურად შეამცირონ, რადგანაც აუცრელი ადამიანი ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ ბევრია:
“აცრა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვიცავს სიკვდილისაგან, მაგრამ არ გვიცავს ინფიცირებისაგან. თუ აცრილებიც დავინფიცირდებით, მაღალი შანსია გადავდოთ აუცრელ ადამიანებს და აუცრელი ადამიანი ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ ბევრია. ჩვენს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე ბევრია დამოკიდებული. ამიტომ, ყველას მიმართ მაქვს თხოვნა, რომ ჩვენ ამ შემოდგომა-ზამთარში ვართ ძალიან დაუცველები და მაქსიმალურად უნდა გავფრთხილდეთ ,რომ შევზღუდოთ კონტაქტები”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.
მისი აზრით, ქვეყანაში ვაქცინები თანდათან შემოვა, თუმცა მომდევნო თვეების განმავლობაში სამიზნე მაჩვენებელზე გასვლა არარეალისტურად მიაჩნია. ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო 7 და 14 დღის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს სცდება, შედეგად კი ვირუსის გავრცელება ისეთი მასშტაბური იქნება, რომ ქვეყანას წინ ელოდება მძიმე თვეები:
“ვაქცინები თანდათან ალბათ შემოვა, მაგრამ ხვალ რომ იდოს მილიონი ვაქცინა და დაიწყოს ვაქცინაცია, ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში ვერ გავალთ იმ სამიზნე მაჩვენებელზე, რომ დაცულები ვიყოთ ამ შემოდგომაზე. ამიტომ, სამწუხაროდ, მით უმეტეს, იმ დროს ,როცა 7 დღის საშუალოც დადებითობის მაჩვენებელი და ორი კვირის საშუალოც 5 პროცენტზე მეტია.
ამის ფონზე ჩვენ იმხელა გავრცელება გვექნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ეს ხალხი მთელი საქართველოდან ჩადის აჭარაში, მერე იქ ირევიან და ბრუნდებიან თავის საცხოვრებელ ადგილებში – ძალიან ცუდ ეფექტს მოგვცემს. ამიტომ ჩვენ მძიმე თვეები გველოდება წინ” ,- ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.