ახალი ამბები

რატომ არ დადიან საქართველოს პირველი პირები საოკუპაციო ხაზთან

21 ივლისი, 2021 •
რატომ არ დადიან საქართველოს პირველი პირები საოკუპაციო ხაზთან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ უკრაინის პრეზიდენტ  ვოლოდიმირ ზელენსკის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან, ახლდა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მაღალი თანამდებობის პირები არ ახლდნენ საოკუპაციო ხაზთან მისულ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც.

ვინ უნდა ახლდეს საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საოკუპაციო ხაზთან და რა მნიშვნელობა აქვს ამ დეტალს? ნეტგაზეთმა აღნიშნული კითხვებით საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებს მიმართა.

“საქართველოში ვიზიტი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან დავიწყე, რომელიც არა მხოლოდ ყოფს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და საქართველოს, არამედ, უსაფრთხო მომავლის შემქმნელი უნდა გახდეს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მე ყოველთვე, როცა ჩავდივარ აღმოსავლეთ უკრაინაში, მსგავს სიტუაციას ვხედავ “, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყანას პრეზიდენტის რანგში პირველად სტუმრობდა.

იმ ფაქტმა, რომ ბათუმის კონფერენციისთვის ჩამოსულ ზელენსკის 19 ივლისს ენგურის ხიდთან მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ახლდა, კითხვები გააჩინა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოში ჩამოსულ მაღალი რანგის პირებს მაღალი რანგის მასპინძლები საოკუპაციო ხაზთან არ მიჰყვებიან.

ბოლო რამდენიმე თვეში საოკუპაციო ხაზი არაერთმა მაღალი დონის სტუმარმა მოინახულა. მათ შორის იყვნენ: ევროპული საბჭოს, პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები, ამერიკელი სენატორები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები. თუმცა საოკუპაციო ხაზთან ვიზიტებისას მათ არ ახლდნენ მაღალი რანგის ქართველი პირები.

რატომ არის მნიშვნელოვანი საოკუპაციო ხაზის მონახულება

საოკუპაციო ხაზის მონახულების ტრადიცია წლებია არსებობს. აღნიშნული ჟესტი ოკუპაციასთან არშეგუების დემონსტრირების ერთ-ერთი გზა და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მხარდაჭერის გამოხატვისა და გამხნევების საშუალებაა. თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყნის ხელმძღვანელი პირები საოკუპაციო ხაზთან არცთუ ისე ხშირად ჩადიან. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი სოფელ ატოცში 2018 წლის ნოემბერში იყო, როდესაც ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. პრეზიდენტობისას კი განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან მაშინ ჩავა, როცა თავად ჩათვლის საჭიროდ.

“მე მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი, და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით”, – განაცხადა 2019 წელს სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის მსგავსად, საოკუპაციო ხაზის მონახულებით არ გამოირჩეოდნენ ქვეყნის ბოლო პრემიერ-მინისტრებიც, მათ შორის, მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. მას შემდეგ, რაც ის პრემიერ-მინისტრად მეორედ, 2021 წლის თებერვალში დაინიშნა, საოკუპაციო ხაზთან 14 ივლისს, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებისას ჩავიდა.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები თვლიან, რომ ქვეყნის პირველი პირების მსგავსი მიდგომა გადასახედია. “რონდელის ფონდის” უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით,  რაც უფრო მალე გადახედავენ საკუთარ მიდგომებს, მით უფრო კარგი იქნება მათთვის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისა და ზოგადად, სახელმწიფოს ავტორიტეტისთვის.

“ეს არც პრემიერ-მინისტრის და არც პრეზიდენტის ავტორიტეტის რეპუტაციის გამყარებას ჩვენს საზოგადოებაში ხელს არ უწყობს. რაც უფრო მალე გადახედავენ ამ პრაქტიკას და დაუბრუნდებიან ნორმალურ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, პროტოკოლის საერთაშორისო პრაქტიკას, რომ სტუმარზე პასუხისმგებელი არის მასპინძელი და ის არ უნდა დარჩეს მასპინძლის ყურადღების გარეშე.

რაც შეეხება იმ ყურადღებას, რომელიც უნდა მივაქციოთ იმ ხალხს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, ეს ხალხი, პრაქტიკულად, გმირია. ისინი იქ იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ხშირად თავისი სიცოცხლის ფასად და მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება და განსაკუთრებული პოლიტიკა მათ მიმართ. აქედან გამომდინარე იქ უნდა წარმოებდეს მთელი რიგი ღონისძიებები ავტომატურ რეჟიმში და პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ყურადღება რომ არ უნდა აკლდებოდეს ამ რეგიონს, ეს თავისთავად ნათელია”, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი ნეტგაზეთთან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძეც ამბობს, რომ  საოკუპაციო ხაზთან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე უცხო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლა, რათა იქ მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად გრძნობდეს, რომ ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან.

“აქ არის ორი მთავარი მესიჯი: პირველი არის “არა ოკუპაციას”, შეუგუებლობა ამ ოკუპაციისა და იმ ხალხის გამხნევება. ამას სჭირდება მუდმივად იქ ჩასვლა და არამხოლოდ იქ ჩასვლა, მუდმივი ყურადღება. იმიტომ, რომ იქ ჩასვლის გარდა კიდევ სხვა პრობლემებია. ძალიან ძნელია, როდესაც ყოველდღე უყურებ ამ საშინელებას თვალებში და საკუთარ სიცოცხლეს იგდებენ საფრთხეში ყოველწამიერად. ამიტომ ამ მოსახლეობას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და ამ ყურადღებას ყოველწამიერად უნდა გრძნობდეს”, – ამბობს თენგიზ ფხალაძე.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უცხოურ დელეგაციებს საოკუპაციო ხაზთან არ გაჰყოლოდნენ.

“არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენ დელეგაცია გვყოლოდეს და იქ არ ვყოფილიყავით. მე ვამბობ, როდესაც დავამკვიდრეთ ეს ტრადიცია საოკუპაციო ხაზთან მისვლისა, მე რაც მახსოვს, მგონი, ყველა პრეზიდენტია იქ ნამყოფი, ვინც კი საქართველოში ჩამოსულა. ამიტომ, თავისთავად ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგ შემთხვევაში ამას უზრუნველყოფს ევროკავშირის მონიტორინგის მისია. მაგალითად, შარლ მიშელი როდესაც იყო ჩამოსული და ეწვია საოკუპაციო ხაზს, ვიცი, რომ ევროკავშირის თხოვნით, სწორედ ევროკავშირის მისიამ უზრუნველყო ამის გაკეთება”, – ამბობს თენზგიზ ფხალაძე.

თუმცა ფხალაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას პროტოკოლი სხვაგვარად გაიწერა, რადგან ქვეყანაში რამდენიმე უმაღლესი დონის დელეგაცია იყო.

ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში სალომე ზურაბიშვილის მოწვევით იმყოფებოდა, ვცადეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციათან  გადაგვემოწმებინა, როგორი იყო ზელენსკის ვიზიტის პროტოკოლი, რატომ არ გაჰყვა მას თავად პრეზიდენტი და ახლდა თუ არა ვინმე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თუმცა ადმინისტრაციიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

კითხვით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც. გვაინტერესებდა მათი განმარტება, რატომ არ ახლდნენ უკრაინის პრეზიდენტს მათი უწყებების ხელმძღვანელები. თუმცა პასუხი არც მათგან მიგვიღია.

ვინ უნდა დაჰყვებოდეს საოკუპაციო ხაზთან უცხოეთის დელეგაციებს

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, მსგავს ვიზიტებს შესაბამისი პროტოკოლი განსაზღვრავს და შესაძლოა, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლის გარეშე წასვლა თავად სტუმრის მოთხოვნაც იყოს. თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუმარს მარტო წასვლა სურს, მასპინძელმა მას შესაბამისი არგუმენტები უნდა დაუპირისპიროს და დაარწმუნოს, რომ საოკუპაციო ხაზთან ქართველი თანამდებობის პირის მასთან ერთად ყოფნა აუცილებელია.

“რა თქმა უნდა, მაღალი დონის თანამდებობის პირი უნდა ახლდეს სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურს, როდესაც ის მიდის გამყოფ ხაზთან, ვინაიდან ჩვენი ამით ვადასტურებთ, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია. ჩვენ ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენი სტუმარი ჩვენ გვიჭერს მხარს ამ დაპირისპირებაში ოკუპანტთან. ამის გარდა, ადგილზე მაღალი თანამდებობის პირებს შესაბამის სტუმრებთან დამატებითი ურთიერთობების საშუალება ეძლევათ და დამატებითი განმარტებების გასაკეთებლად შეიძლება ეს შესაძლებლობა გამოიყენონ.

ამის გარდა, იქ არის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ როცა თან მივყვებით მაღალი დონის სტუმარს, უფრო მყარად ვგრძნობთ თავს და უფრო ლოგიკური და ნორმალურია. აქ დავა არც კი არის საჭირო”, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი და დასძენს, რომ ზელენსკის შემთხვევა სხვებისგან უნდა განვასხვავოთ, ვინაიდან ის საქართველოში ბათუმის კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.

მისი თქმით, ენგურის ხიდთან ზელენსკის მისვლა შესაძლოა, პროტოკოლით გათვალისწინებული არც კი იყო და, შესაბამისად, მისთვის მინისტრის მოადგილის გაყოლა ობიექტური მიზეზებით იყო ნაკარნახევი, მათ შორის, იმითაც, რომ ქვეყანა ერთდროულად რამდენიმე მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობდა.

“საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არ არის ის დონე, რომელიც უნდა ახლდეს პრეზიდენტს, მაგრამ მე არ ვიცი, იქ პროტოკოლური დეტალები როგორ იყო. შეიძლება იმის გამო, რომ ზელენსკიმ იმპროვიზაციის სახით მოინდომა იქ მისვლა და ეს პროტოკოლით არ იყო გათვალისწინებული. ვინაიდან ბევრი სტუმარი იყო, შეიძლება ფიზიკურად ვეღარ მოხერხდა უფრო მაღალი თანამდებობის პირის თანხლება პრეზიდენტ ზელენსკისთან. შეიძლება ესეც იყოს ახსნა. მე არ მგონია, რომ პრეზიდენტს უფრო მაღალი თანამდებობის პირს არ გააყოლებდნენ. მაღალი დონის სტუმრები იყვნენ სხვებიც, შარლ მიშელი, მაია სანდუ და, მე ვფიქრობ, ეს ამდაგვარი გარემოებით იყო გამოწვეული. ისე, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი დონის მასპინძელი უნდა გაჰყოლოდა პრეზიდენტ ზელენსკის”, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ჩვენს შეხსენებაზე, რომ ე.წ. გამყოფ ხაზთან ბოლო დროს ჩამოსული სხვა მაღალი დონის სტუმრებიც მაღალი რანგის მასპინძლების გარეშე იმყოფებოდნენ, ჩეჩელაშვილი იხსენებს, რომ 2018 წელს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც ევროკავშირის მისიასთან ერთად ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები არასწორია როგორც შინაარსობრივი, ასევე, პროტოკოლური მოსაზრებებითა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

“თუ ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენ უნდა ვიღებდეთ ჩვენს თავზე, მაგალითად, სტუმრის უსაფრთხოებაზე, დანარჩენს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. წარმოიდგინეთ, რომ იქ ჩვენს გარეშე ვიზიტის დროს ხდება რაღაც უსიამოვნო კონფლიქტი, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი? თუ სტუმარი ამბობს, რომ იქ მარტო უნდა წასვლა და არ სჭირდება არავის გაკიდება, ეს რას ნიშნავს, რომ იმას ეჭვი ეპარება, რომ ჩვენ შეიძლება უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება და უფრო ენდობა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას? თუ აქ საკუთარ საელჩოს ენდობა? ეს არ არის ნორმალური ვითარება არანაირი თვალსაზრისით […]

ერთგვარად დამცირების გრძნობასაც აღვივებს, ჩვენი თანხლების გარეშე ჩვენს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ჩვენი სტუმრები. რაღაც უპატივცემულობის ნიშანია თუ არ ვიცი, რა დავარქვა”, – ამბობს ჩეჩელაშვილი.


19 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 3 ქვეყნის პრეზიდენტი ესწრებოდა – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მარია სანდუ.

საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

კონფერენციის მთავარი თემა იყო ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას- შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა.

კონფერენციის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს ბათუმის სამიტის დეკლარაციას. ხელმოწერის ცერემონია პეტრას ციხეზე გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი