ავტორი: მარიანა კოტოვა
“აფხაზეთში გეი არ არსებობს” – ეს გამოთქმა ხუმრობა არ გეგონოთ, ასე ფიქრობს უმრავლესობა აქ. საქართველოში მომხდარი მოვლენების შემყურე [ლგბტქ საზოგადოების აღლუმის გამართვის მცდელობა, რომელსაც ქუჩის არეულობა და ჟურნალისტის დაღუპვა მოჰყვა] ჩემი თანამოსაუბრეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, უახლოეს წლებში მსგავსი მოვლენების მომსწრე აფხაზეთიც გახდეს, რადგან “ჩვენ არც გეი გვყავს და არ ლესბოსელები”. ამიტომაც მითების გასაქარწყლებლად გადავწყვიტე ანონიმური ინტერვიუ ჩამეწერა ჩემს მეგობართან, რომელიც ხმამაღლა არასოდეს ამბობს, რომ გეია და არაერთი წელია, ამას საჯაროდ მალავს. არ დავასახელებ არც მის ასაკს, არც პროფესიას, რადგანაც ისეთ პატარა საზოგადოებაში, როგორც ჩვენია, ძალიან ადვილია მიხვდე, ვინ ვინ არის. მხოლოდ მის აზრებს გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ცხოვრება გეისთვის აფხაზეთში, რას ფიქრობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და როგორ ხედავს ლგბტქ საზოგადოების მომავალს აფხაზეთში.
გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს
ძალიან მიყვარს ციტატა “შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ”. ეს კარგად ასახავს იმას, რაც დღეს პრაიდთან დაკავშირებით საქართველოში ხდება.
ისიც ხომ ვიცით, რომ ყველა გეი და ლესბოსელი არ გადის აღლუმზე და ღიად ვერ აცხადებს საკუთარი ორიენტაციის შესახებ. მაგრამ ისინი, ვინც გამოდიან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხვალ მათმა თანამებრძოლებმა უფრო ადვილად იცხოვრონ. აღლუმზე მეც ვერ გამოვიდოდი, ვერც საქართველოში და ვერც ევროპაში.
მე საკუთარ თავსა და ჩემს ორიენტაციას ნორმალურად მივიჩნევ, გეი ისეთივე ადამიანია, როგორც სხვა. ჩვენ არ ვართ კრიმინალები, არავის ვერჩით და არავისზე ვძალადობთ, არც ავადმყოფები ვართ და ეს მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა. არც უნიკალურები ვართ. ყველა დროში იყვნენ გეები, მათ შორის, საკმაოდ ცნობილი, ნიჭიერი და პატივსაცემი ადამიანები.
გეი ურთიერთობების დამყარება აფხაზეთში რთული არ არის
კაცებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით აფხაზეთში პრობლემა არ მაქვს. თუმცა, ნუ მკითხავთ, როგორ ხდება ეს. ეს ძალიან ინტიმური თემაა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ აფხაზეთში პარტნიორის პოვნა გეისთვისაც და ჰეტეროსექსუალისთვისაც ერთნაირად რთულიცაა და ადვილიც.
საკუთარი თავის მიღება
იზრდებოდე და მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ, მტკივნეულია. არამხოლოდ მოზარდი გეისთვის. მე მინახავს, როგორ იტანჯებოდნენ ჩემი კლასელები ცალმხრივი სიყვარულით, ვიღაცას საკუთარი სხეულის მიღება უჭირდა, ასე რომ, ჩემს ტანჯვას განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფდი იმ წლებში.
სამართლებრივი საკითხების პრობლემურობა
ძალიან მინდა სრულფასოვანი ცხოვრება პარტნიორთან ერთად, ბავშვის გაზრდა. ხომ იცით, რამდენი მიტოვებული ბავშვია ჩვენთან. მაგრამ ეს თემა თავად ლტბგ თემაზე არანაკლებად ტაბუდადებულია. მე ფინანსურადაც და ინტელექტუალურადაც უზრუნველვყოფდი ბავშვის მომავალს, მაგრამ ეს ჩვენს საზოგადოებაში შეუძლებელია.
ფარისეველი საზოგადოება
აფიშირების გარეშე პარტნიორთან ცხოვრებას ბევრი ახერხებს აქ, როგორც მე, მაგრამ ღიად გამოაცხადო, რომ ოჯახი გაქვს და ოფიციალურად ერთად ცხოვრობთ, ამას ვერავინ გაბედავს. სწორედ ეს მგონია პრობლემა. თუმცა აფხაზეთში ჰეტეროსექსუალებისთვისაც არ არის მარტივი ბევრი რამ, მაგალითად, ქორწინებამდე თანაცხოვრება და სექსი. გოგონები ქალწულები უნდა იყვნენ ქორწილამდე, ზრდასრულ ქალს ვერ ეყოლება პარტნიორი ქორწინების გარეშე და შვილს ვერ გააჩენს ქმრის გარეშე. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, რაც ჩამოვათვალე, მაინც ხდება აფხაზეთში, მაგრამ მალულად. ყველა ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი ვიცით, რომ თითქოს არც გეები და ლესბოსელები ცხოვრობენ ჩვენ გარშემო.
საზოგადოების ფარისევლობა უამრავი უბედურების მიზეზია ჩვენთან. ბევრი ნარკოდამოკიდებული, ალკოჰოლდამოკიდებული და თვითმკვლელი შეიძლებოდა ბედნიერი ადამიანი ყოფილიყო, რომ მიეცათ მათთვის უფლება, ყოფილიყვნენ ისინი, ვინც სინამდვილეში არიან.
როდესაც მორიგი ტრაგედიის შესახებ ვიგებ, რომ ახალგაზრდამ სუიციდი სცადა, ქალი იქნება ეს თუ კაცი, ვხვდები, რომ მათ საკუთარი თავები დათრგუნეს და უფლება არ მისცეს ყოფილიყვნენ ისინი, ვინც არიან და საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთე მოეტანათ.
ლტბტ თემის მომავალი აფხაზეთში
დარწმუნებული ვარ, უახლოეს ათწლეულებში აფხაზეთში ლგბტ თემისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება, რადგან საზოგადოება ამ და სხვა საკითხებშიც საკმაოდ კონსერვატორულია და არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვლება.
ჩვენ ხომ ამ დრომდე არ ვაძლევთ კაცებს შორტების ჩაცმის უფლებას, პირსინგის გაკეთებას, ქალებს – ტატუირების. ჩვენთან საკუთარ გოგო შვილებს კლავენ, როცა იგებენ, რომ ქორწინებამდე სექსი ჰქონდათ. ყველა ქალი ვერ მისცემს თავს უფლებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტი მოწიოს. რა ღირსების მარშზეა საუბარი?! ყოჩაღ ქართველებს, ისინი ყველაფრის მიუხედავად ბრძოლას განაგრძნობენ. თითქოს, ევროპასთანაც ახლოსაც არიან, სიველურე მათში არანაკლებადაა, თუმცა მაინც მხოლოდ ნახევარი ნაბიჯით წინ არიან, მეტით – არა.