ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა მედიისა და აქტივისტების სათვალთვალოდ Pegasus-ის პროგრამა გამოიყენა | OCCRP

19 ივლისი, 2021 • 1480
აზერბაიჯანმა მედიისა და აქტივისტების სათვალთვალოდ Pegasus-ის პროგრამა გამოიყენა  | OCCRP

აზერბაიჯანის ხელისუფლება იყენებდა ისრაელური კომპანია NSO Group-ის Pegasus-ის სათვალთვალო პროგრამას, რომლის საშუალებითაც აღწევდა ჟიურნალისტების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერების ტელეფონებში. ამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების” პროექტი (OCCRP). აღნიშნულ გამოძიებაში არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული მედიაგამოცემის ჟურნალისტი იყო ჩართული.

აზერბაიჯანის 245 სატელეფონო ნომრიდან, რომლის იდენტიფიცირებაც OCCRP-მ შეძლო, ეკუთვნის რეპორტიორებს, რედაქტორებსა და მედიაკომპანიების ხელმძღვანელებს, მათ შორის ოპოზიციურ მედია Meydan TV-ს, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის სამსახურის, გაზეთ Musavat-ის ჟურნალისტებს [სავარაუდოდ, 2016-2019 წლები].

გარდა ჟურნალისტებისა, გამოძიების მიხედვით, სიაში 40-ზე მეტი აზერბაიჯანელი აქტივისტისა და მათი ოჯახის წევრების ტელეფონებია.

გამოძიების ავტორები ამავე დროს აცხადებენ: “საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება NSO Group-ის კლიენტი იყო, არ არსებობს, თუმცა, ამის მიუხედავად, აღნიშნულის მრავალი მტკიცებულება არსებობს”.

ისრაელურმა კომპანიამ საპასუხოდ განმარტა, რომ “მონაცემები, რომელიც გამომძიებლებმა გამოიყენეს, არასწორად იყო ინტერპრეტირებული და ის [კომპანია] კლიენტებს არ აძლევს მისი პროგრამული უზრუნველყოფის ბოროტად გამოყენების საშუალებას”, რადგანაც “მხოლოდ დამნაშავეებისა და ტერიტორისტების თვალთვალისთვის გამოიყენება” და “მხოლოდ სამართალდამცველ ორგანოებს გადასცემს”.

OCCRP-ის მიხედვით, აღნიშნულ პროგრამას მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ იყენებდნენ ასევე უნგრეთის, ინდოეთის, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, მექსიკის, რუანდის, ყაზახეთის, მარკოს და რუანდას ხელისუფლებები. ნუსხაში სულ 50 ათასი სატელეფონო ნომერია, რომლებშიც, სავარაუდოდ, პროგრამის მეშვეობით შეაღწიეს.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ამ დრომდე დევნის. საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, სადაც ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი