ახალი ამბები

„ლექსო ლაშქარავა შეეწირა ამ არჩევანს“ – მარგველაშვილის სიტყვა აქციაზე

17 ივლისი, 2021 • 886
„ლექსო ლაშქარავა შეეწირა ამ არჩევანს“ – მარგველაშვილის სიტყვა აქციაზე

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მედიასაშუალებების ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ დღეს აქ ვდგავართ ლექსოსთვის, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ თავისუფალი სიტყვისთვის, მაგრამ უმეტესად, დღეს ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოსთვის; იმისთვის, რომ სიტყვას, „საქართველო“, შევძინოთ ის აზრი, ის ძალა, ის გენი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად; რომ დავტვირთოთ ეს სიტყვა ჩვენი იმ წარსულით, რომელიც გვეამაყება.

ქართველი იყო ილია ჭავჭავაძეც, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც. ქართველი იყო ვაჟა-ფშაველა, მაგრამ ქართველი იყო ბერიაც; ქართველი იყო ივანე ჯავახიშვილი, მაგრამ ქართველი იყო ორჯონიკიძეც; და ჩვენ ეს არჩევანი ყოველწუთიერად უნდა გავაკეთოთ, რომელი საქართველოს მხარეს ვდგავართ.

იმიტომ, რომ ქართველი იყო ის ადამიანი, რომელმაც უპატაკა მოსკოვს 1921 წელს, რომ „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“; ქართველი იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩამოხია აქ ევროკავშირის დროშა, ჩვენი დასავლური არჩევანის დროშა. ჩვენ ეს არჩევანი მუდმივად გასაკეთებელი გვაქვს.

რომელ წარსულს ვაძლიერებთ, რომელ წარსულს ვხედავთ მომავალში და რომელს ვაქცევთ ზურგს?

აი ამ არჩევანის გაკეთება თქვენთვის, ვინც დღეს აქ დგახართ, ნათელია უკვე და თქვენ ეს არჩევანი გააკეთეთ.

ეს არჩევანი გააკეთა ლექსომაც და გახდა მოწამე ამ არჩევანის. შეეწირა ამ არჩევანს. იმისთვის, რომ ჩემთვის თქვენთვის და ჩვენი და თქვენი შვილებისთვის მიეცა ის მომავალი, რომელსაც ემსახურებოდა ილიაც, ვაჟაც და ჩვენი დიდი წინაპრები.

ამიტომ დღეს მე აქ ლექსოს პატივისცემით ვდგავარ, მაგრამ მე აქ ჩემი სამშობლოსთვის, იმისთვის, რომ ხვლინდელი დღე ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული, არ იყოს პოგრომები, არ იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ გათელონ ინდივიდი და აღაზევონ მასა.

ყოველთვის ეს ბრძოლა რაღაც ფრონტზე მიმდინარეობს. დღეს ეს ბრძოლა მიმდინარეობს მედიაზე… არ გეგონოთ, რომ „სიუჟეტებით გაღიზიანდნენ“. არა, ეს არის მეთოდური ბრძოლა, განადგურდეს ერთდერთი დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხელისუფლების შტო. მედია ხელისუფლების შტო არის.

დანარჩენი ყველა ჩამოშალეს. სასამართლო ჩამოშლილია და ამაზე ყველა ლაპარაკობს. პარლამენტი არალეგიტიმურია. მთავრობა არალეგიტიმურია. დარჩა მხოლოდ მედია და ახლა მის ჩამოშლას ცდილობენ. ეს პოლიტიკური ბრძოლაა, ეს არ არის გემოვნების ბრძოლა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებული აქცია დაიწყო. ორგანიზატორები საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტებმა პარლამენტთან რუსთაველის გამზირი დაიკავეს და სამანქანო მოძრაობა ამ მონაკვეთზე გადაიკეტა.

ეს მედიასაშუალებების მიერ ბოლო პერიოდში ორგანიზებული მესამე აქციაა.

რამდენიმე დღეა, მედიასაშუალებების ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს და ამ მოწოდებით საპროტესტო აქციებს მართავს.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა.

„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – აქცია პარლამენტთან [პირდაპირი]

მასალების გადაბეჭდვის წესი