ახალი ამბები

თუ ხელშეკრულებს ხელს აწერ, ეთანხმები პირობებს – დეგნანის პასუხი „ოცნებას“

17 ივლისი, 2021 •
თუ ხელშეკრულებს ხელს აწერ, ეთანხმები პირობებს – დეგნანის პასუხი „ოცნებას“

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით, მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ არ დიწყება ფართო მსჯელობა სასამართლო რეფორმზე და „თუ ხელშეკრულებას აწერ ხელს, ეთანხმები ამ პირობებს“.

„19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ და ნათლად არის მოცემული, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს სანამ არ განხორციელდება ძალიან ფართო, ყოვლისმომცველი პროცესი, მსჯელობა რეფორმაზე და შემდგომ უკვე ამბიციური რეფორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა დანიშვნები. ეს არ ყოფილა პროცესი, რომელიც იყო მრავალპარტიული, ინკლუზიური და ფართო. შესაბამისად, არ განხორციელებულა სასამართლო სისტემის რეფორმა. სწორედ ამიტომ ეს დანიშვნები უნდა შეჩერებულიყო“, – განაცხადა ელჩმა.

„მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დაწერილ ტექსტს. შესაბამისად, მე არ ვიცი თუ იყო რაიმე სიტყვიერი შეთანხმება. ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, რომ თუ ხელშეკრულებას აწერ ხელს, ეთანხმები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული, დაწერილი“, – განაცხადა მან.

„ჩემი მხრიდან კიდევ იმას ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს და მას უთანამშრომლია ათასობით ქართველთან იმისათვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიის აღმშენებლობა და იმისათვის, რომ განვითარებულიყო მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის თავდაცვა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეკონომიკის განვითარება… ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კვლავ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა ბევრ ქართველთან, მათთან, ვინც იზიარებენ ქართველი ხალხის სურვილს, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და განვითარებული“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.


„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა 16 ივლისს გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ აშშ-ის სტრუქტურებს „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების“ გამო ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ. მათ არ დაუზუსტებიათ, ვის გულისხმობდნენ.

მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გახმიანებული კრიტიკის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ სასამართლოზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი სისტემის მიმართ აშშ-სა და ევროპის კრიტიკა არ მოუსმენია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება აგრძელებს სასამართლოს რეფორმაზე მუშაობას, ზემოხსენებული “გაუგებრობა” კი მალე აღმოიფხვრება.

ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების გამო აშშ-ში ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ – “ოცნება”

მასალების გადაბეჭდვის წესი