ახალი ამბები

მოგვიწევს, ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე — გაბუნია

15 ივლისი, 2021 • 820
მოგვიწევს, ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა, მალე გასართობ ღონისძიებებზე შეზღუდვა დაწესდეს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

გაბუნიას ჰკითხეს, რას აკეთებს სახლემწიფო იმისთვის, რომ ქვეყანას კორონავირუსის მძიმე, მეოთხე ტალღა აარიდოს. ის აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდია, ეპიდვითარება გაუარესდა და ყოველდღიურად 1000 ახალ შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, „რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექცია ვრცელდება და აქტიურად თუ არ ჩავერიეთ, კიდევ უფრო გავრცელდება“.

როგორც გაბუნია განმარტავს, აქტიური ჩარევის რესურსი სახელმწიფოს რამდენიმე აქვს, მათ შორის ერთი ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი ტემპია, მეორე კი, პირადი დაცვის საშუალებები.

„პირველივე დღიდან ვსაუბრობთ, რომ არის რეგულაცია, არის მოთხოვნა და შეზღუდვები, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია. შესაბამისად, მოქალაქეების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია.

მე მესმის, ახლა ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, იქ გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე ცოტა არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს იქ და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ მოგვიწევს ისევ, რომ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი, რომ თუნდაც ბანაკები ბავშვების…“, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში 30 ივნისიდან კომენდანტის საათი მოხსნეს, ასევე შემსუბუქდა თითქმის ყველა შეზღუდვა.

ნახეთ ვრცლად ნეტგაზეთის არქივიდან:

რა იცვლება COVID რეგულაციებში — 22 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი