ახალი ამბები

ზაზა გახელაძე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა

14 ივლისი, 2021 • 928
ზაზა გახელაძე თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა

გამყოფ ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძე, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

“დღეს, ყოველ შემთხვევაში, არ ველოდებოდი, რომ ასე მოხდებოდა” – ამბობს გახელაძე გათავისუფლების შემდეგ.

ჟურნალისტებმა გახელაძეს ჰკითხეს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომაროება, რადგანაც დაკავებისას გახელაძე დაჭრეს. მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს და უფრო ვრცელ კომენტარებს ჟურნალისტებთან უახლოეს მომავალში გააკეთებს.

გახელაძის შეწყალების ბრძანებულება ბიბილოვმა დღეს გამოსცა და ძალაში დღეიდანვე შევიდა. ზაზა გახელაძე სოფელ ქვემო ჭალაში 2020 წელს დააკავეს. იგი აქამდე ცხინვალის საპყრობილეში რჩებოდა.

ივნისის თვეში გახელაძის ოჯახის წევრებმა სოფელ ქვემო ჭალაში მსვლელობა გამართეს. ოჯახის წევრები მანამდე საპროტესტო აქციის ჩატარებასა და საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ. ზაზა გახელაძის მამა აცხადებდა, რომ აპირებდა “საზღვრის” გადაკვეთას, რათა იმ საპყრობილეში მოხვედრილიყო, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.

მოგვიანებით, ოჯახმა გააუქმა დაგეგმილი საპროტესტო მოქმედებები, რადგან საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის საპატრიარქოს მიმართა თხოვნით, ჩართულიყვნენ ზაზა გახელაძის განთავისუფლებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი