ახალი ამბები

ძალადობისკენ მომწოდებელ მღვდელს ეკლესიაში “სასტიკი საყვედური” გამოუცხადეს

13 ივლისი, 2021 • 4313
ძალადობისკენ მომწოდებელ მღვდელს ეკლესიაში “სასტიკი საყვედური” გამოუცხადეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმა, რომელიც 5 ივლისს მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდებდა ძალადობისკენ, “სასტიკი საყვედური” მიიღო.

“ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი), დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება, მომაწოდეთ და განვიხილავთ”,- ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და დასძენს, რომ 5 ივლისს მღვდლები ჟურნალისტებს “ეფარებოდნენ და იცავდნენ”.

ძალადობრივი მოწოდების გამო დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი არ დაუკავებიათ. ნეტგაზეთისთვის უცნობია, საერთოდ დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საკითხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში გვითხრეს, რომ თუ რამე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, თავად მოგვაწვდიან ინფორმაციას.

დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ძალადობრივ აქციაზე მოქალაქეებს “ღვთისა და სამშობლოსთვის” ძალადობისკენ ღიად მოუწოდა. ამ დღეს თბილისის ცენტრში მიზანმიმართულად გაუსწორდნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს.

„ვალდებული ხართ, იძალადოთ!“ — ეს იყო სპირიდონ ცქიფურიშვილის გამოსვლის საკვანძო ფრაზა, რამაც პარლამენტთან გამართულ ძალადობრივ აქციაზე დამსწრეებს შორის აპლოდისმენტები გამოიწვია.

იურისტები ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობენ, რომ ეს განცხადება, სულ მცირე, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და  გამოძიება უნდა დაიწყოს. საინტერესოა ისიც, რომ სპირიდონ ცქიფურიშვილი სიძულვილის შემცველი განცხადებების გავრცელებას მანამდეც არ ერიდებოდა.

გაიგეთ მეტი

რატომ ეპატიება დეკანოზს ის, რასაც არ პატიობენ სხვას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი