როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით, 22:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას ტვ “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადადგილების დეტალური მარშრუტი უჩვენა, ბრიფინგზე რამდენიმეწამიანმა უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ კი გაისმა დაბნეული ჟურნალისტის კითხვა: “ამით რისი თქმა გსურდათ?”. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ყველაფერი “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა.
რა ხდება მაშინ, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიც არსებობს, მოთხოვნაც, აქციებიც კი იმართება, ადამიანები საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სწორედ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას ან დროულ ექსპერტიზას ითხოვენ, შსს კი დუმს? თან, ეს უხერხული დუმილი გრძელდება თვეების ან წლების განმავლობაშიც კი.
ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა მიზანს ემსახურება შსს-ს აქამდე არნახული ოპერატიულობა ლაშქარავას საქმეზე, რას გვეუბნება მისი გავრცელებული ინფორმაცია და რატომ არ არის უწყება ასევე აქტიური ისეთ საქმეებზე, სადაც შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობა იკვეთებოდეს?
ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე შსს-მ არასრულ 2 დღეში 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა, გამოკითხა 110 პირი, დაათვალიერა და გააანალიზა 65 ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ჯერ კიდევ დაუსრულებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზიდან საზოგადოებას მიაწოდა მხოლოდ და მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია გვამში აღმოჩენილ ნივთიერებებზე ისე, რომ არაფერი უთქვამს, რა როლი აქვს ამ ნივთიერებებს იმ ოპერატორის გარდაცვალებაში, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ შსს-მ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკებით ზედოზირება იყო. ეს ვარაუდი გამყარებული არ ყოფილა ექსპერტიზის რაიმე სახის დასკვნით.
შსს-ს ზეოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს წინ უძღოდა ერთგვარი საინფორმაციო კამპანია ფეისბუკზე, რომლის მიზანიც იყო ანონიმური ანგარიშებით საზოგადოებაში ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რაც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებდა ლაშქარავას ნარკომომხმარებლობაზე. შსს ამ დრომდე არაფერს ამბობს ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების შესაძლო როლზე ოპერატორის გარდაცვალებაში.
საგამოძიებო უწყებები მსგავსი სისწრაფით არ გამოირჩევიან საქმეებზე, რომლებშიც შესაძლოა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა იკვეთებოდეს. თუ შსს-მ გარდაცვალების დღეს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების სრული მარშრუტი დღე-ნახევარში წარმოადგინა, 4 წლის განმავლობაში ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომლებშიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება შეიძლება ასახულიყო.
არადა, ყველაფერი შეიძლება მარტივად ყოფილიყო: სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო გაეცამტვერებინა ან გაემყარებინა აფგან მუხთარლის მონაყოლი, თუ როგორ გაიტაცეს 2017 წლის მაისში საქართველოს დედაქალაქის ცენტრიდან, როგორ გაატარეს რამდენიმე ასეული კილომეტრი მთელი ქალაქი და როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ათეულობით ჟურნალისტი თვეობის განმავლობაში მართავდა აქციას ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით.
ამ ამბებიდან ოთხი წელი გავიდა. საქართველოს მთავრობამ ოთხი პრემიერი გამოიცვალა. “ქართული ოცნება” ისევ ხელისუფლებაშია. შსს ისევ დუმს. საქმე ისევ გამოუძიებელია.
ვიდეო, სადაც, შესაძლოა, აფგან მუხთარლი იყოს ასახული, დაზიანებულია
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 4 დღე გავიდა, ჟურნალისტებზე თავდასხმიდან კი — 10. შესადარებლად, “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა ოდენობის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, რამდენი პირი გამოიკითხა და რა ოდენობის ჩანაწერი იქნა შესწავლილი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის საქმეზე, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. რაც ზუსტად ვიცით, გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა სავარაუდო დანაშაულის ამსახველის კადრები მედიას გადაღებულ-გავრცელებული აქვს და მათ მოსაპოვებლად შსს-ს დიდი ძალისხმევა არც კი სჭირდება.
მაგალითად, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ძალადობრივ აქციაზე მოქალაქეებს “ღვთისა და სამშობლოსთვის” ძალადობისკენ ღიად მოუწოდა. 5 ივლისის ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ არბევენ “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის დავალებით რუსთაველზე სხვის ქონებას — კარვებს. გამოძიება არცერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევაზე ამ დრომდე არ გასულა.
საზოგადოებრივი აზრის შემზადება შსს-ს ვერსიის გავრცელებამდე
ზედოზირების ვერსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფეისბუკზე არაავთენტურმა ანგარიშებმა ოპერატორის გარდაცვალებისთანავე, ჯერ კიდევ მანამდე დაიწყეს, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაპირველ ბრიფინგებზე აღნიშნულის შესახებ ფონიჭალის ხსენებით მიანიშნებდა.
“მითების დეტექტორის” თანახმად, სხვადასხვა აქტორს შორის, რომლებმაც შსს-ს პირველ ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკულ საშუალებებს დაუკავშირეს, იყო საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი”, ფეისბუკ ანგარიშებმა, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც საინფორმაციო პლატფორმები და რომელთაგან ერთ-ერთი უშუალოდ 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს არის შექმნილი; ხელისუფლების ინდივიდუალური მხარდამჭერები და ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდები და ანგარიშები.
სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირმა გაავრცელა ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები — ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანახმად, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც შესაძლოა, აღნიშნული მონაცემები ინახებოდეს მათი სიზუსტის შემთხვევაში. ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.
“გასაგებია, წყარო საიდან არის. თუ როგორ ვრცელდება მსგავსი პერსონალური ინფორმაციები კანონის დარღვევით. ასეთი მონაცემები, თუკი არსებობს, გააჩნია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ ინფორმაციის გაჟონვა და არაუფლებამოსილი პირისთვის მიწოდება არის კანონდარღვევა და უნდა იყოს დასჯილი”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი.
რაზე მიუთითებს შსს-ს გამოძიება?
უფლებადამცველების შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პასუხისმგებლობიდან ყურადღების გადატანას ცდილობს და ამისთვის ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შემდეგ დისკრედიტაციას არ ერიდება.
ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები რამდენიმე სახიფათო ტენდენციას აჩვენებს:
- სახელმწიფო უთვალთვალებს მოქალაქეებს;
- თუ სურვილი აქვთ, ერთ დღეში შეუძლიათ ყველა მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის;
- თუ სურვილი აქვთ, გამოიძიებენ საქმეს და ასობით მოძალადეს დააკავებენ 53 ჟურნალისტის ცემისთვის, უბრალოდ, არაა ამის სურვილი;
- თუ სურვილი ჰქონდათ, ბაჩალიაშვილის ლოკაციასაც დაადგენდნენ და არ “ეძებდნენ” 3 დღე;
- აფგან მუხთარლი რამდენიმე კამერაზე მაინც დაფიქსირდებოდა ასობით კილომეტრის გავლისას;
- იციან, სად იყიდება ნარკოტიკები, ნარკომოვაჭრეებს არ აკავებენ, მათ სახლთან კამერებს აყენებენ, ანუ სახელმწიფო მფარველობს ნარკოდილერებს და მოჩვენებით სპეცოპერაციებს ატარებს გარკვეულ უბნებში რამის გადასაფარად პერიოდულად. ნარკოტიკების გასაღებაზე გამოძიება არ იწყება, მხოლოდ ფილმები მზადდება, ისიც უხარისხო;
- კერძო პირების თუ ე.წ. სააგენტოების მეშვეობით ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოსთვისაა ცნობილი და მისი გამჟღავნება კანონის დარღვევაა და დასჯადია. ეს გავრცელება არა დანაშაულის გამოძიებას, არამედ პირის დისკრედიტაციას ემსახურება;
- მსგავსი ინფორმაცია აქვთ, სავარაუდოდ, ბევრ ადამიანზე და საჭირო დროს ვრცელდება — არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს;
- ამ ყველაფერში იხარჯება გადასახადის გადამხდელის რესურსი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს კრიმინალს, დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა — შავ პიარში მიდის უზარმაზარი რესურსი.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მოხდა 5 ივლისს. პასუხისმგებლობა ასაღები აქვთ შს მინისტრს და პრემიერს, სისტემამ ვერ დაიცვა მოქალაქეები. უშუალოდ გამოძიებას რაც შეეხება, ძალიან ბევრი საკითხია, სადაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ შსს, ფაქტობრივად, უფლებების დარღვევით ცდილობს გამოძიების წარმართვას.
მაგალითად, ადვოკატის ჩართულობის გარეშე, ცხედარი, ფაქტობრივად, გაიტაცეს და რამდენიმე საათი შეხება არავის ჰქონდა. ამ ფორმას და პროცედურული საკითხების კანონთან მაქსიმალურად მიახლოებასაც აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება სისწრაფეს, არის ძალიან ბევრი საქმე, სადაც არანაირი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს თვეების და წლების განმავლობაში და ამ საქმესთან დაკავშირებით, როცა ჯერ [ექსპერტიზის] დოკუმენტიც არ არის, წინმსწრებ განცხადებებს აკეთებენ.
ეს მეთოდები მიუთითებს, რომ შსს ცდილობს იჩქაროს, დაასწროს მოვლენებს, შემოგვთავაზოს საკუთარი ვერსია, აქცენტი გადაიტანოს სხვა მიზეზებზე და პასუხისმგებლობა აირიდოს”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში უჩა ნანუაშვილი.
ნანუაშვილის თქმით, ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შსს არის “არაადეკვატურად სწრაფი” და წარმოაჩენს, თითქოს გამოძიებას ცდილობს, თუმცა მთავარი მიზანი არის აქცენტების გადატანა და საზოგადოებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნა. ნანუაშვილის შეფასებით, შსს ცდილობს, ლაშქარავას საქმე 5 ივლისის მოვლენებისგან ცალკე განიხილოს, რაც არასწორია.
“5 ივლისის მოვლენებზე პირიქით — ვხედავთ, რომ გამოძიება პასიურია და თუკი ვინმეს აკავებენ, ძირითადად მედიაში გავრცელებული კადრების საფუძველზე და არა გარე სათვალთვალო კამერებით. საგამოძიებო მოქმედებები ძალიან პასიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
53 ჟურნალისტია დაშავებული და მხოლოდ რამდენიმე ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. ეს აღძრავს კითხვის ნიშნებს, რომ ორგანიზატორები და ისინი, ვინც მოუწოდებდნენ ძალადობისკენ და დღესაც აგრძელებენ მოწოდებას, პასუხისგებაში არ მიუციათ. “ალტ-ინფო” დღესაც ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ უნდა მომხდარიყო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მის მიმართ”, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ 5 ივლისის საქმეზე “ერთეული ინერტული ნაბიჯების გადადგმა” საზოგადოების წნეხის ფონზე და პროტესტის ჩასაქრობად ხდება.
“მასშტაბურ ძალადობაზე და განუკითხაობაზე სახელმწიფოს არ უპასუხია”, — დასძენს ნანუაშვილი.
ამ პოზიციას იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც.
“ასე სწრაფად გამოძიება 5 ივლისის საქმეებში არ მიდის. ერთადერთი, რაც იქ გაკეთდა, გამოიკითხა დაზარალებული ჟურნალისტების დიდი ნაწილი, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში კონკრეტული შედეგი ჩვენ არ გვინახავს”, — ამბობს იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
სიმონიშვილი სპეკულაციად აფასებს გარდაცვალების მიზეზზე თუნდაც ვარაუდის დონეზე საუბარს ექსპერტიზის დასრულებამდე, რომელსაც, მისი ინფორმაციით, 1-1.5 თვე სჭირდება.
“შსს-ს სპეკულაცია ემსახურება ერთადერთ მიზანს — პასუხისმგებლობის აცილებას, რომ თითქოს 5 ივლისს მისი უმოქმედობის გამო მიღებულ მძიმე დაზიანებას არ მოჰყოლია გარდაცვალება”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ნიკა სიმონიშვილმა.
სიმონიშვილი, ასევე, საუბრობს ლექსო ლაშქარავას ცხედრის “გატაცებაზე”.
“მშობელს არ ჰქონდა სურვილი, რომ თავისი შვილის ცხედარი გადასვენებული ყოფილიყო ექსპერტიზაზე და ითხოვდა ადვოკატთან კონსულტაციას. მაშინ, როცა პირადად მეც და ჩვენი ადვოკატი უნდა მოვსულიყავით ოჯახში და ამ საკითხზე კონსულტაცია გაგვევლო დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან, შსს-მ გაიტაცა სხეული და 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში რა მანიპულაცია შეიძლება მომხდარიყო მის სხეულზე, ჩვენთვის უცნობია. ვერ ვიტყვით დანამდვილებით, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს”, — ამბობს იგი.
სიმონიშვილის თქმით, ზოგადად, გამოძიებას აქვს უფლება, თანხმობის გარეშე ცხედარი გადაასვენოს, მაგრამ ამას წინასწარი პროცედურული უზრუნველყოფა სჭირდება.
“ეს უზრუნველყოფილი იყო თუ არა და შესაბამისი საპროცესო დოკუმენტაცია შედგა თუ არა, ჩვენთვის უცნობია. მეორე მხრივ, ადვოკატთან კონსულტაციის უფლება დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ყველა შემთხვევაში ჰქონდა და ამის შემდეგ უნდა გარკვეულიყო, ცხედრის გადასვენებაზე თანხმობა ჰქონდათ თუ არა.
ადვოკატთან კონსულტაციის გარეშე დააფიქსირეს, რომ მშობელი უარზე იყო მაშინ, როცა ჩვენი კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია, მას თანხმობა განეცხადებინა. ამავდროულად, უფლება გვქონდა, თავიდან ბოლომდე დავსწრებოდით გადასვენების პროცედურას”, — ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
მაშინ, როცა შსს “არაადეკვატურად ჩქარობს”, რათა საზოგადოება დაარწმუნოს საკუთარი ვერსიის სისწორეში, ლაშქარავას ოჯახის, კოლეგებისა და სხვა დაინტერესებული ადამიანების ყურადღება მიპყრობილია იმისკენ, თუ რას დაადგენს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კი პირად ფეისბუკ გვერდზე იმ ძირითად კითხვებს სვამს, რასაც ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს:
- რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით, როგორც დადგა სიკვდილი?
საგამოძიებო უწყებები ისევ არაფერს ამბობენ, თუ რა როლი ითამაშა 5 ივლისის ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე.
ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა, სულ, 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
5 ივლისს მიზანმიმართული, მასობრივი ძალადობის სამიზნე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი გახდა, რომელთა ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს