ძალადობრივი მოწოდების გამო დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ჯერ არ დაუკავებიათ. ნეტგაზეთისთვის უცნობია, საერთოდ დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საკითხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში გვითხრეს, რომ თუ რამე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, თავად მოგვაწვდიან ინფორმაციას.
დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ძალადობრივ აქციაზე მოქალაქეებს “ღვთისა და სამშობლოსთვის” ძალადობისკენ ღიად მოუწოდა. ამ დღეს თბილისის ცენტრში მიზანმიმართულად გაუსწორდნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს, რამდენიმე მათგანს გადაუდებელი ოპერაციაც კი დასჭირდა. განადგურებულია სატელევიზიო ტექნიკა.
„ვალდებული ხართ, იძალადოთ!“ — ეს იყო სპირიდონ ცქიფურიშვილის გამოსვლის საკვანძო ფრაზა, რამაც პარლამენტთან გამართულ ძალადობრივ აქციაზე დამსწრეებს შორის აპლოდისმენტები გამოიწვია.
იურისტები ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობენ, რომ ეს განცხადება, სულ მცირე, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და გამოძიება უნდა დაიწყოს. საინტერესოა ისიც, რომ სპირიდონ ცქიფურიშვილი სიძულვილის შემცველი განცხადებების გავრცელებას მანამდეც არ ერიდებოდა.
რატომ არის დეკანოზ ცქიფურიშვილის სიტყვები დანაშაულის ნიშნის შემცველი?
საიას იურისტი მერაბ ქართველიშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ დეკანოზის ეს განცხადება ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, რადგან ქმნის რეალურ საფრთხეს.
ის განმარტავს, რომ თუ გამოხატვა რადიკალურად სცდება დადგენილი წესრიგის ნორმებს, ამ ქმედებას უკვე სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს. ამ შემთხვევაში კი, 239-ე პრიმა მუხლი – ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდება.
239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ისეთი განცხადების გავრცელებას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივ ჯგუფთა შორის განხეთქილების შესაქმნელად, მოუწოდებს ძალადობისკენ საჯაროდ და ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს.
„ჩვენ ამ შემთხვევაში ვხედავთ ამ წინაპირობებს, ამ მომენტისთვის ყველაფერს სჭირდება გამოძიება, მაგრამ ეს რომ იყო ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა პირდაპირი და არსებითი საფრთხე, ეს ძალიან ნათლად ჩანდა. კიდევ გაგრძელდა ეს ძალადობრივი მოქმედებები და ხალხს ჰქონდა განცდა, რომ სასულიერო პირისგან ნათქვამი ამ სიტყვებით, თითქოს ღმერთს ემსახურებოდნენ. რა თქმაა უნდა, ეს იყო პრობლემური და ამას სჭირდება საგამოძიებო ორგანოების ჩართულობა და ამ ამ მუხლით უნდა ჩატარდეს გამოძიება“, — განამრტავს ქართველიშვილი.
რაც შეეხება გამოძიების დაწყების ნაწილს, იურისტი დასძენს, რომ ხშირად არ არის სათანადო რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დაზარალებულია.
„ასეთ საქმეებს როცა ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ზედაპირზე დევს, გვაქვს შიში, შეიძლება, ეს საქმეები დარჩეს პროკურატურის მიღმა და შსს-მ გადაწყვიტოს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეაფასოს. რეალურად, ეს არ იქნება სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია”, — ამბობს მერაბ ქართველიშვილი.
სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციაზე საუბრობს ნეტგაზეთთან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ [GDI] ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი. მისი თქმით, მთავარია ის კონტექსტი, რომელშიც ეს განცხადებები გახმიანდა.
„ეს იყო შემთხვევა, როდესაც პარალელურად ადამიანები ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე. ამ ფონზე ასეთი განცხადებები არის განსაკუთრებულად საშიში იმიტომ, რომ მყისიერი ძალადობის რისკებს კიდევ უფრო ზრდის და, შესაბამისად, სახელმწიფოსგან კიდევ უფრო ყურადღებასა და რეაგირებას საჭიროებს“, — აცხადებს ის.
ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების ფორმირებას ეხება – „რომლებიც მიუხედავად იმისა, უშუალოდ არიან თუ არა ჩართულები ადამიანები წინასწარ ორგანიზებაში, მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯგუფის ადგილზე ორგანიზება, რომელიც შემდგომ ძალადობას განახორციელებდა“.
როგორც მარიკაშვილი ამბობს, მსგავსი სამართლებრივი ვითარებაა რამდენიმე პოლიტიკურ პირთან, მათ შორის, ნიკა მელიასთან დაკავშირებით.
“პოლიტიკოსებს ედავებიან ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას იმიტომ, რომ მათ კონკრეტულ ადგილას გააკეთეს მოწოდებები და რამაც ძალადობა გამოიწვია — ბრალდების მხარე ასე ფიქრობს. პროკურატურა თუ თანმიმდევრული იქნება, მაშინ დეკანოზის შემთხვევაშიც ასე უნდა მოიქცეს.
თუკი სახელმწიფო პოლიტიკოსების განცხადებას სამართლებრივად ასე უყურებდა, მაშინ ამ კონტექსტშიც ეს მოცემულობა უნდა დაინახოს“, — ამბობს მარიკაშვილი.
კითხვაზე, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ საბოლოოდ გამოძიება არ დაიწყოს სასულიერო პირის ძალადობრივ მოწოდებასთან დაკავშირებით, მარიკაშვილი დასძენს, რომ ამგვარი ტენდენცია სახელმწიფო უწყებებს აქვთ.
მარიკაშვილის აზრით, “ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ გავლენებისა და დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას და ვერ დადგება ყველაფერზე მაღლა იმისთვის, რომ კანონის უზენაესობამ იზეიმოს“ .
ნეტგაზეთი ამ საკითხზე დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოსაც, სადაც გვითხრეს:
“აღნიშნულ გამონათქვამთან დაკავშირებით ამ სასულიერო პირს უახლოეს დღეებში დაიბარებენ”.
5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია
გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.
ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.
ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.