ახალი ამბები

1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია თავისუფალი რეჟიმისთვის – გაბუნია

13 ივლისი, 2021 •
1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია თავისუფალი რეჟიმისთვის – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას ხელი შეუწყო  სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის აქციებმა, და 1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია თავისუფლად გადაადიგლებისათვის.

„1500-ზე მეტი შემთხვევა არის საკმაოდ კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ ასე, სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ 13 ივლისს ბრიფინგზე.

13 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 11 ადამიანი.

„ამდენად, საკოორდინაციო საბჭო დაელოდება და დააკვირდება რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე, რამ გამოიწვია შემთხვევების ზრდა, გაბუნიამ უპასუხა:

„ბოლო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების, მათ შორის ღამით მოძრაობის შეზღუდვის, გარეშე და ბოლო პერიოდში ძალიან მაღალი აქტივობა [შეინიშნება] თავყრილობებზე, მიტინგებზე და სხვა ტიპის ორგანიზებულ ღონისძიებებზე. მაგალითად, გაიმართა კონფერენციები, ბავშვთა ბანაკები იყო აქტიური და, სავარაუდოდ, სპორტული ღონისძიებებიც იყო ხელშემწყობი“.

გაბუნიას შეფასებით, „აქციები არის არაბუნებრივი, განსაკუთრებით მაღალი მობილობა“, რისი გამოცდილებაც ქვეყანას 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისთვისაც ჰქონდა.

„იქ პირბადე არც არავის გამოუყენებია და არც სოციალური დისტანცია არ არის დაცული. მესმის, აქტივობა აქციების ფონზე მაღალია და ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე“, – განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ მთავარი არის ვაქცინაციის ტემპი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების, ჯამში, 379 673 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო აცრილია 310 332 ადამიანი (დღიურად 6444).

გამოვლინდა ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი – 13 ივლისი

გაბუნია ასევე ამბობს, რომ თბილისში მობილიზებული 200 საწოლი, რომელიც ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული, სრულად შეივსო და ჯანდაცვის სისტემას პედიატრიული საწოლების დამატება მოუხდა.

პედიატრიული კოვიდსაწოლები უკვე გადატვირთულია – გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი