ახალი ამბები

პედიატრიული კოვიდსაწოლები უკვე გადატვირთულია – გაბუნია

13 ივლისი, 2021 •
პედიატრიული კოვიდსაწოლები უკვე გადატვირთულია – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ თბილისში მობილიზებული 200 საწოლი, რომელიც ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული, სრულად შეივსო და ჯანდაცვის სისტემას პედიატრიული საწოლების დამატება მოუხდა. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო დროს დაფიქსირებული რიცხვები მიუთითებს, რომ პანდემია ძალას იკრებს და საჭიროა ვაქცინაციის გააქტიურება.

“კოვიდპანდემიის დღვანდელი სიტუაცია ძალიან მძიმეა და აყენებს სერიოზულ რისკებს მოსახლეობისთვის. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800-ს. ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, მაგრამ მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე.

გასული 2-3 დღის მანძილზე მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მე-2, მე-3 ტალღის დროს იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება”, – განაცხადა გაბუნიამ.


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 11 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტი, მათ შორის 20 996 კვლევა ანტიგენის ტესტით, 14 121 კი -PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.26%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 136,
  • აჭარა – 98,
  • იმერეთი – 164,
  • ქვემო ქართლი – 104,
  • შიდა ქართლი – 56,
  • გურია – 11,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64,
  • კახეთი – 115,
  • მცხეთა-მთიანეთი – 54,
  • სამცხე-ჯავახეთი – 32,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610, საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 728 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 180 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  379 673-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 5 479 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი