ახალი ამბები

სრულად აცრილ პირებში ინფექცია 0.3%-ს განუვითარდა, არცერთი დაღუპულა – გაბუნია

13 ივლისი, 2021 • 1081
სრულად აცრილ პირებში ინფექცია 0.3%-ს განუვითარდა, არცერთი დაღუპულა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სრულად აიცრნენ და ამის შემდეგ დაინფიცირდნენ კორონავირუსით, ხოლო მათ შორის გარდაცვალების მაჩვენებელი 0-ია.

„ორჯერ ვაქცინირებული პირებიდან ინფექცია 0.3%-ში განვითარდა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ 13 ივლისს ბრიფინგზე.

გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ ინფექციისგან 100%-ით არცერთი ვაქცინა არ იცავს და შეიძლება ადამიანი მაინც დაინფიცირდეს, მაგრამ- „იშვიათ შემთხვევაში და შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა“.


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 11 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტი, მათ შორის 20 996 კვლევა ანტიგენის ტესტით, 14 121 კი- PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.26%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610, საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 728 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 180 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 5 479 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი