ახალი ამბები

გამოვხატეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის რღვევის გამო – საფრანგეთის ელჩი

13 ივლისი, 2021 • 2339
გამოვხატეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის რღვევის გამო – საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ელჩებმა  კიდევ ერთხელ გამოხატეს იმედგაცრუება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„ჩვენ, დიპლომატებს, გუშინ შეხვედრა გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი იმედგაცრუება თბილისში 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის რღვევის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო“, – წერს ელჩი.

„მთავრობას მოვუწოდეთ, გამყოფი სიტყვების გამოყენების ნაცვლად, დაუბრუნდეს ყველა ადამიანის, მათ შორის უმცირესობების, ქვიარ ადამიანების, პრესის დაცვის ვალდებულების შესრულებას“, – დაწერა ელჩმა კოლასმა 13 ივლისს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი გომელაური ელჩებს შეხვდა და განმარტებები გააკეთა 1-6 ივლისის მოვლენებზე.

სამინისტრომ განაცხადა, რომ „მინისტრმა სტუმრებს გააცნო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სამინისტროს მიერ მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები“;

ამასთან, პრესრელიზის თანახმად, გომელაურმა ასევე ისაუბრა „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დროს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებზე და განაცხადა, რომ „კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც გამოიკვეთება გამოძიების ფარგლებში“.

პრესრელიზის თანახმადვე, მინისტრმა გომელაურმა „აგრეთვე ვრცლად ისაუბრა 11 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის – ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელების მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ“ და აღნიშნა, რომ „გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც“.

5 ივლისის მოვლენები

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მათ შორის მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ოპერატორის გარდაცვალება

ტვ პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალდეური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო.

შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი