ახალი ამბები

ჟურნალისტებზე აღმართული ხელი ხალხზე აღმართული ხელია – მღვდელი თევზაძე

12 ივლისი, 2021 •
ჟურნალისტებზე აღმართული ხელი ხალხზე აღმართული ხელია – მღვდელი თევზაძე

მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა, ზაზა თევზაძემ, დღეს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა.

თავის სიტყვაში ზაზა თევზაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებზე აღმართული ხელი ხალხზე აღმართული ხელია – „ვინაიდან აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით“.

„მთელი თქვენი მრავალფეროვნებით, მოგესალმებით, თქვენ ხართ ისეთი ადამიანები, ვინც მოვალეა, ეს მძიმე რეალობა შეცვალოს. ამას ჩვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე, რისთვისაც ვართ გაჩენილები და მოწოდებულები. მინდა მადლობა და დიდი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც მზადაა აქ დადგეს და გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია.

ასევე მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჟურნალისტების მიმართ. ჟურნალისტებზე აღმართული ხელი ჩვენს ხალხზე აღმართული ხელია. ისინი არიან თვალი და ყური ჩვენი, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი. ამიტომ პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინაიდან აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით. და ყველაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს. ეს იყო არნახული აქტი, 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი და რომლის თვალებიც იყო სამიზნე, რომელიც არის სახე და სიმბოლო ცნობიერების.

მე მინდა, რომ ამავდროულად ვთქვა ერთი მნიშვნელოვანი რამ, როგორც მოძღვარმა, როგორც ეკლესიის მასწავლებელმა – დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე. ეს დღე არის მოციქულების დღე, მოციქულები არიან ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები და ისინი ასწავლიან. მათ შეცვალეს სამყარო და ამ თვალსაზრისით მეც მედიას წარმოვადგენ. ღმერთსა და ადამიანებს შორი. კარგად გავიაზროთ, კარგად შევიმეცნოთ იმიტომ, რომ სამყარო როგორიც არის, ასეთი არ იყო. კანიბალიზმიდან დღეს სხვა იდეალებს ვესწრაფვით, ეს უნდა განხორციელდეს. ეს არ არის შორს ჩვენგან. არ უნდა დავიბნეთ, უკან არ უნდა დავიხიოთ, უკან გზა არ არ არსებობს, მხოლოდ წინ ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისკენ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მადლი და სიკეთე არ მოგაკლოთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ზაზა თევზაძე სიტყვით გამოსვლისას.


დღეს, 12 ივლისს, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები პარლამენტთან „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ.

აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემაა.

გუშინ, 11 ივლისს გამართულ აქციაზე, სადაც ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებდნენ, მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისთვის ვადა დღეს, 12 ივლისს, 12 საათამდე მისცა. თუმცა, საბოლოოდ ის არ გადამდგარა.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი