ახალი ამბები

ენმ საპარლამენტო საქმიანობას მხოლოდ ერთი პირობით განაახლებს

12 ივლისი, 2021 • 817
ენმ საპარლამენტო საქმიანობას მხოლოდ ერთი პირობით განაახლებს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია” საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ დღეს, 12 ივლისს, განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესსა და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილებას.

“ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” იმ რუტინულ პროცესში, რომელიც ამ ფარისევლურ, ყალბ პარლამენტშია, მონაწილეობას არ გავაგრძელებთ. ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ.  ასე ვერ გაგრძელდება. მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხსს. ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურის და საქართველოს ყველა წევრის გადაყენების საკითხს.

ასევე, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრაში, რაც გულისხმობს იმას, რისთვისაც ვიბრძოდით — პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ ფარისევლობაში მონაწილეობას და ფაშისტების დაჯგუფებასთან  წყვეტს ყოველგვარ თანამშრომლობას”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღესვე ფრაქციამ “ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის” განაცხადა, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გარდა, სხვა საკითხების განხილვაში პარლამენტში მონაწილეობას არ მიიღებს.

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იმართება. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი კი პრემიერ-მინისტრის გადაგომას ითხოვს. ისინი ამბობდნენ, რომ ერთადერთი, რაზეც ახლა პარლამენტი უნდა მსჯელობდეს, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხია. ამის გამო ქალმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, თუმცა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

ქალ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ძალით დაატოვებინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი