ახალი ამბები

მედიაზე თავდასხმაში კიდევ 4 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

10 ივლისი, 2021 •
მედიაზე თავდასხმაში კიდევ 4 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას მედიაზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 4 პირს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს, 10 ივლისს გამოცხადდა.

აღნიშნულმა პირებმა იძალადეს მედიის 4 წარმომადგენელზე, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. დაშავდნენ “ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა და ფოტოგრაფი ვახო ქარელი, “იმედის” ოპერატორი შოთა კერვალიშვილი, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია და ოპერატორი დათო ქორიძე.

ხსენებული 4 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნასა და  ჯგუფურ ძალადობას.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

ამ დროისთვის, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პატიმრობა აქვს შეფარდებული 19 ადამიანს. მათ შორის 16-ს ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავებიან, 3-ს კი – “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრას.

ფოტო გარეკანზე: ნიკოლოზ ურუშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი