შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა საქართველოშია. დოზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 ივლისის დილით ჩამოვიდა.
„ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ქვეყანამ COVAX პლატფორმიდან მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
” „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია . „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.
„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ. მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ”, – განუმარტავს მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყება ხაზს უსვამს,რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) – 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია. ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია.
“COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას”, – დასძენს უწყება.