ახალი ამბები

მედიაზე თავდასხმაში კიდევ 5 ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

9 ივლისი, 2021 • 758
მედიაზე თავდასხმაში კიდევ 5 ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შესაბამისად, 9 ივლისის მონაცემებით, მედიაზე თავდასხმაში ბრალდებულებიდან 12-ს აქვს პატიმრობა შეფარდებული. მათი საქმეების არსებითი განხილვა მოგვიანებით დაიწყება.

დაკავებულები დღეს სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ, რომ ძალადობა არ ჩაუდენიათ და “ზედმეტი მოუვიდათ”. მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობა.

5 ივლისის, “თბილისი პრაიდის” ორგანიზებული “ღირსების მარშის” ჩაშლის მიზნით, საპატრიარქოს მიერ შეკრებილმა ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა მიზანმიმართული იერიში მიიტანეს თითქმის ყველა მედიაზე. შედეგად, მუშაობაში ხელი შეუშალეს, სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 50-ზე მეტ წარმომადგენელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი