ახალი ამბები

თალიბანი: ავღანეთის 85%-ს ჩვენ ვაკონტროლებთ

9 ივლისი, 2021 • 1580
თალიბანი: ავღანეთის 85%-ს ჩვენ ვაკონტროლებთ

აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძალების გასვლიდან რამდენიმე დღეში თალიბანმა ავღანეთში დამატებითი ტერიტორიები დაიკავა, მათ შორის, ორი სტრატეგიული მნიშვნელობის სასაზღვრო პუნქტი.

ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც თალიბანმა დაიკავა, არის ისლამ ყალას პუნქტი, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ჰერათის პროვინციაში, და წარმოადგენს ირანში ძირითად გასასვლელს; მეორე არის თორღუნდი, რომელიც თურქმენეთის საზღვართან მდებარეობს.

თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა 9 ივლისს განაცხადა, რომ ორგანიზაცია გამშვები პუნქტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობდა და შაბათს გაიხსნებოდა.

CNN-ის თანახმად, ისლამ ყალას პუნქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავღანეთის ეკონომიკისთვის: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის იმპორტის 15% ირანთან საზღვრიდან მოდის. BBC-ის ცნობით, ამ გამშვები პუნქტიდან ავღანეთის ეკონომიკაში ყოველთვიურად 20 მლნ აშშ დოლარი შემოედინება.

თალიბანის კიდევ ერთმა სპიკერმა შაჰაბუდინ დელავარმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თალიბანის მიერ აღებული სასაზღვრო გამშვები პუნქტები ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას.

„გვინდა მსოფლიომ, განსაკუთრებით კი მეზობელმა ქვეყნებმა, გაიგონ, რომ ჩვენ მოვუტანთ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ავღანეთის საზღვრებზე“, – განაცხადა მან. მისი თქმითვე, „იმპორტი და ექსპორტი არსებული კანონების საფუძველზე განხორციელდება“.

დელავარმა ასევე განაცხადა, რომ თალიბანი ავღანეთის ტერიტორიის 85%-ს აკონტროლებს და ამ ტერიტორიაზე „ყველანაირი ოფისი და საავადმყოფო ფუნქციონირებს“.

CNN-ის თანახმად, დამოუკიდებელი მონიტორები ამბობენ, რომ თალიბანი 85%-ზე ნაკლებს აკონტროლებს, თუმცა ბოლო კვირებში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს.

პენტაგონის სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ავღანეთში ვითარება რომ შემაშფოთებელია, ამის შესახებ კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა კონტროლირებადი ტერიტორიის ზუსტი ფართობი არ დაუზუსტებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 ივლისს დაადასტურა, რომ თალიბანს 2001 წლიდან მოყოლებული ამ მასშტაბის ძალაუფლება არ ჰქონია, თუმცა განაცხადა, რომ სჯერა ავღანეთის სამხედრო ძალებისა, რომელიც „უკეთ გაწვრთნილი და უკეთ შეიარაღებულია“, ვიდრე თალიბანი.

„მე არ გავაგზავნი ამერიკელების კიდევ ერთ თაობას ავღანეთის ომში, განსხვავებული შედეგების მიღწევის გონივრული მოლოდინის გარეშე“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ამერიკელმა სამხედროებმა ერთი კვირის წინ დატოვეს ბაგრამის ავიაბაზა, საიდანაც ბოლო 20 წლის განმავლობაში სარდლობა თალიბანის წინააღმდეგ ომს კოორდინირებდა. ავიაბაზაზე ასევე იყო ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს (CIA) მიერ ორგანიზებული დაკავების ცენტრი.

ავღანეთის ამერიკელი სამხედროების მიერ საბოლოო დატოვება 2021 წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთში 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შევიდნენ.

გირჩევთ:

რა ბედი ელის ავღანეთს ნატოს ჯარების გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი