ახალი ამბებირეკლამა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია მიმდინარეობს

8 ივლისი, 2021 •
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს 30-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების რექტორები მეორე დღეა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომაში  მონაწილეობენ, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

კონფერენციაზე საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები განიხილავენ საკითხებს უნივერსიტეტის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ, უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე. აგრეთვე,  მიიღებენ გადაწყვეტილებას რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 

„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ძალიან კარგი ფორმატია იმ საკითხების განსახილველად, რომელიც უმაღლესი განათლების სფეროშია. უამრავი საკითხის განხილვა დგას დღის წესრიგში, მათ შორის, უნივერსიტეტების სტატუსის განსაზღვრა, კანონში ცვლილებები, რომლის ინიცირებასაც ჩვენ ვაპირებთ, სტუდენტთა სტატუსი და სხვა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 

„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მორიგ სხდომაზე განათლების სისტემაში დაგროვილ ბევრ პრობლემას განვიხილავთ.  ამ პრობლემებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა გვექნება პარლამენტთან და განათლების სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანია European University association-თან ჩვენი ურთიერთობაც. რაც მეტი ქართული უნივერსიტეტი ვიქნებით ამ ასოციაციის წევრი, მით მეტად იქნება ქართული სახელმწიფო წინ წაწეული ევროპაში,“– აღნიშნა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. კონფერენცია იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები მსჯელობენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე,  განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.

„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია უკვე ორი წელია რაც მუშაობს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა, უნივერსიტეტების ავტონომია, სამართლებრივი სტატუსი და აკადემიური თავისუფლება. ამ საკითხის გარშემო იქნება მსჯელობა, პროექტის სახით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაეგზავნება შესაბამის სტრუქტურებს,“- განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

ბათუმში შეკრებილმა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე. 

რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი