ახალი ამბები

მღვდელი არ დამეხმარაო… რაში დაგეხმარო, ძმაო? — მიტროპოლიტი ნაცემ ჟურნალისტზე

8 ივლისი, 2021 •
მღვდელი არ დამეხმარაო… რაში დაგეხმარო, ძმაო? — მიტროპოლიტი ნაცემ ჟურნალისტზე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, რომლის საერო სახელი გურამ გამრეკელია, 5 ივლისს სასტიკად ნაცემ ჟურნალისტ რატი წვერავას ადანაშაულებს ძალადობის პროვოცირებაში და ამბობს, რომ სასულიერო პირებისგან დახმარებას არ იმსახურებს.

ფორმულას ჟურნალისტ რატი წვერავას საპატრიარქოს ორგანიზებულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ აქციაზე მუშაობის დროს ჯგუფურად დაესხნენ თავს, შემოახიეს ტანსაცმელი და მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, რომლის გადაღებაც ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორმა მხოლოდ რამდენიმე წამით მოახერხა.

იოანე გამრეკელი ჟურნალისტზე თავდასხმას ამართლებს

მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი 5 ივლისს სასტიკად ნაცემ ჟურნალისტ რატი წვერავას ადანაშაულებს ძალადობის პროვოცირებაში და ამბობს, რომ ის სასულიერო პირებისგან დახმარებას არ იმსახურებს.

Posted by Netgazeti on Thursday, July 8, 2021

“საიცარია. ეუბნები იმას, რომ აქ ნუ მოხვალ, აი, ეს ზონა შენთვის არ არის. არა, მე აქ მინდა მოვიდე. გაჰყავთ, რატომ გაგყავთო. ააა, ხელით შემეხე, ხომ? და წიხლებს იყრევინება. კიდევ უარეს აგრესიას იწვევს. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. ვინ გათრია? გამოგაგდეს, წადი აქედან. ეს საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან. შემოიხია, გადააგდო, გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი.

იძახის, აიო, მღვდელმა მე არ მიშველაო, არ დამეხმარაო… რაში დაგეხმარო, ძმაო? და შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი? თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოების ქცევისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემისგან? ვისგან, შეურაცხყოფილი პატივისცემისგან ითხოვ პატივისცემას? რას, თავხედობის, კადნიერების, უტიფრობის, ძალადობის? დაუშვებელია! — ამბობს იოანე (გურამ) გამრეკელი ჟურნალისტ რატი წვერავაზე.

ჟურნალისტი რატი წვერავა მასზე თავდასხმას ასე იხსენებს:

“მე პირველად ვიგრძენი, რა არის დაუცველობა: ეს მოხდა ცენტრში, პარლამენტის წინ. კადრებიც არსებობდა, პირდაპირ ეთერში ვიყავით. დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე, ადამიანები გამეტებით მირტყამდნენ ისე, რომ ერთი სამართალდამცავი არ გამოჩნდა, რომელიც გადამეფარებოდა. დაახლოებით ქაშუეთის ეკლესიასთან, ჩასასვლელში, ერთადერთმა პოლიციელმა დამიცვა, უძლური იყო, ბუნებრივია.”

 

⭕ ექსკლუზიური კადრები – “ფორმულას” ჟურნალისტს რატი წვერავას, რადიკალური დაჯგუფების 50- მდე მონაწილე ფიზიკურად უსწორდება

Posted by Kavkasia TV • ტელეკომპანია კავკასია on Monday, July 5, 2021

გამრეკელი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად 2019 წელს დანიშნეს მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა კალისტრატე (შოთა) მარგალიტაშვილი.

მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა ქართველ თეოლოგთა ნაწილმა, რუსეთ-საქართველოს ისტორიის გამრეკელისეულ ინტერპრეტაციისა და პრორუსული ხედვის გათვალისწინებით, ეკლესიის წიაღში არსებული პრორუსული განწყობების გაძლიერებად შეაფასა. თეოლოგები ამის საფუძვლად გამრეკელის ანტიდასავლურ, პრორუსულ განწყობებს ასახელებნ.

გამრეკელის შესახებ ნახეთ ვრცლად:

რას ნიშნავს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად იოანეს გამწესება და რა ვიცით მასზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი