ახალი ამბები

“ორი კვირა მჭირდება, რომ თვალი გავახილო” — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი

7 ივლისი, 2021 • 2140
“ორი კვირა მჭირდება, რომ თვალი გავახილო” — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას დაშავებულმა ოპერატორმა ილია თვალიაშვილმა უკვე დატოვა კლინიკა და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

პირველი არხის ოპერატორს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს თბილისში გაუსწორდნენ. ილია თვალიაშვილის ჩათვლით, ამ დღეს მედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს, გაანადგურეს სატელევიზო ტექნიკა.

როგორც პირველი არხი იტყობინება, ილია თვალიაშვილს დაზიანებები თვალებსა და თავის არეში აქვს მიყენებული, ასევე აქვს ტვინის შერყევა.

ათამდე ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა, რა დროსაც გონება დავკარგე. მარცხენა თვალი მაქვს დაზიანებული. ორი კვირა სჭირდება, რომ თვალი გავახილო, მკურნალობას მეტი დრო დასჭირდება. ექიმები მეუბნებიან, რომ მხედველობის პრობლემა არ მექნება. რაც შეეხება გამოძიებას, ველოდები, რომ გამომკითხავენ, დაზიანებულია ტელევიზიის ტექნიკა“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა თვალიაშვილმა.


რა მოხდა 5 ივლისს?

5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 7 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი