საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა ეხმაურება 5 ივლისს თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციას და აცხადებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი დაუყოვნებლივ უნდა აგონ.
“შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით. დამნაშავეებმა პასუხი დაუყოვნებლივ უნდა აგონ. უნდა აღდგეს კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით”, – წერს ელჩი.
Shocked by scenes of violence, attacks on journalists and NGOs offices in Tbilisi. Perpetrators must be brought to justice immediately, Constitutional rights and freedoms restored. Democracy in Georgia is at stake and all actors incl Government must act with full responsibility.
— Petr Mikyska (@mikyska_petr) July 5, 2021
5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია
გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.
ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.
ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება