ახალი ამბები

ახლა ადვილია ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა — ყაველაშვილი

6 ივლისი, 2021 • 1033
ახლა ადვილია ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა — ყაველაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ 5 ივლისის მოვლენებით ყველაზე მეტად ხელისუფლება დაზარალდა და ახლა მისკენ “ხელის გაშვერა” ადვილია. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ყველამ ერთად უნდა გაინაწილოს.

ამასთან, ყაველაშვილი ამბობს, რომ თუ საზოგადოებაში კითხვები დარჩება, ამის შემდეგ პარლამენტი თავის როლს შეასრულებს და პასუხებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვს.

“თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რომ ვინმე არ დაისაჯა, რეაგირება მოხდება. რა ვქნათ ახლა, რას ითხოვთ, პოლიციელებთან ერთად ვიაროთ და ჩვენ ჩავერთოთ გამოძიების პროცესში? გასაგებად განვაცხადე, რომ მიმდინარეობს პროცესი, მათ აქვთ შესაბამისი ძალაუფლება იმისთვის, რომ გუშინდელი დღე სათანადოდ გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არავინ იჩაგრება და მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს.

“ადვილია ახლა ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა. ყველაზე მეტად ხელისუფლება დაზარალდა გუშინდელი დღით. ვის უნდა აწყობდეს გუშინდელი დღე? მაგრამ ეს გამოწვევები ჩვენს სოციუმში დღეს არის. ყველა ადამიანს კონსტიტუციით გარანტირებული აქვს და არავინ არ იჩაგრება. თითოეული შემთხვევები ყოველთვის არის, მაგრამ გინდა თუ არა უნდა ჩავატარო, აქედან გინდა თუ არა არ ჩაგატარებინებ… თან რომ იცი, ეს ორი მხარე. რა ვქნათ ახლა? 26 მაისი გახსოვთ? ამას ითხოვთ ხელისუფლებისგან?” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად საპატრიარქოს ორგანიზებული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი