ახალი ამბები

გუშინ ქუჩაში გასვლაზე დროებით უარის თქმა არ ნიშნავს საბოლოოდ უარს – თაბაგარი

6 ივლისი, 2021 • 1321
გუშინ ქუჩაში გასვლაზე დროებით უარის თქმა არ ნიშნავს საბოლოოდ უარს – თაბაგარი

“თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელი და დირექტორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ გუშინ, 5 ივლისს, ღირსების მარშის არჩატარება არ ნიშნავს, რომ ქუჩაში გასვლაზე უარს იტყვიან.

მისი თქმით, “თბილისი პრაიდი” ყოველწლიური ღონისძიება იქნება.

“გუშინ ქუჩაში გასვლაზე დროებით უარის თქმა არ ნიშნავს საბოლოოდ უარს იმაზე, რომ ჩვენ შევწყვეტთ ქუჩაში გასვლას. “თბილისი პრაიდი” იქნება ყოველ წელს, ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იყო. ჩვენ ყოველწლიურად ვიდგებით იმავე გამოწვევის წინაშე, თუ ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფომ არ იზრუნა იმაზე, რომ ეს ძალადობა არ იქნება წახალისებული და მათ მიერ ორკესტრირებული[…] ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება მალულად სადმე გასვლა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს და გვაქვს ამის უფლება, რომ მშვიდად, არაძალადობრივად გავიდეთ ქუჩაში, სადაც გვინდა, იქ”, – განუცხადა “ტვ პირველს” გიორგი თაბაგრმა.

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად საპატრიარქოს ორგანიზებული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი