ახალი ამბები

6 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება

6 ივლისი, 2021 • 1470
6 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე დღეს, 20:00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მდუმარე აქციას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან მივიდნენ და ყველას დაანახონ, რომ საქართველოში ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ:

“მე მგონია, გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, კატასტროფა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება და გულწრფელად უნდა, რომ მისმა შვილებმა ამ ქვეყანაში იცხოვრონ. ეს არ იყო მარტივი ამბავი, ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ერთად ჩაატარეს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. გუშინ რაც ვნახეთ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას, სიბნელე, რომელიც ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ჩვენი შვილების მომავალს”, — ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძის დაანონსებულ აქციას უერთდება “ევროპული საქართველო” და ელენე ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობა “დროა”. ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობის განცხადებით, გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე:

“ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე. ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას. მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის” ,- აცხადებს მოძრაობა “დროა”.

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი