ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს თბილისში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს

6 ივლისი, 2021 • 1227
სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს თბილისში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტვიტერზე დაგმო 5 ივლისს თბილისში საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი ანგარიშსწორება.

“ჩვენ ვგმობთ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმას. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავები ვალდებული არიან, დაიცვან გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და დასაჯონ ძალადობის მონაწილეები”, — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მან ასევე გააზიარა საელჩოების ერთობლივი განცხადება, სადაც დაგმობილია ხელისუფლების პასიურობა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით.


5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 50-მდე წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც. ჯერჯერობით არავინაა დაკავებული სისხლის სამართლის მუხლით, 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

ვრცლად ასევე წაიკითხეთ:

ვგმობთ ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირებისგან ძალადობის არდაგმობას — საელჩოები

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი