ახალი ამბები

ვგმობთ ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირებისგან ძალადობის არდაგმობას — საელჩოები

5 ივლისი, 2021 •
ვგმობთ ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირებისგან ძალადობის არდაგმობას — საელჩოები

ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს, შეერთებული შტატების საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით”, — ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოები მოუწოდებენ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი