ახალი ამბები

“რიონის ხეობის მცველები” პრაიდის საწინააღმდეგო პარაკლისს უერთდებიან

5 ივლისი, 2021 • 995
“რიონის ხეობის მცველები” პრაიდის საწინააღმდეგო პარაკლისს უერთდებიან

“რაიონის ხეობის მცველები” უერთდებიან პარაკლისს, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ ატარებს.

“ჩვენც გამოვეხმაურეთ საპატრიარქოს მოწოდებას და იმ მომენტიდან მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ძირითადმა საორგანიზაციო ჯგუფმა. დანარჩენებს რაც შეეხებათ, ისედაც მოდიოდნენ”, — ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარიტა მუსელიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ნეტგაზეთის” კითხვას, გმობენ თუ არა “რიონის ხეობის მცველები” რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებულ ქმედებებს, მუსელიანმა ასე უპასუხა:

“ვინც რამეს არბევს, არაფერს არ ვუერთდებით. ჩვენ ვინმესთან რამე სხვა კავშირი არ გვაქვს. პარტიულ გაერთიანებებთან არავითარი კავშირი არ გვაქვს.

რუსთაველის გამზირზე შეკრება, მე არ ვიცი, ვინ დააორგანიზა. ჩვენ ვიცით, რომ საპატრიარქომ მოუწოდა მრევლს პრაიდის წინააღმდეგ. ხაზგასმით ვამბობთ, რომ პრაიდის წინააღმდეგი ვართ ჩვენ და არა ლგბტ ადამიანების, ზოგადად.

ამიტომ გავიზიარეთ ეს მოწოდება და მივდივართ ქაშუეთთან [სადაც პარაკლისია] დაგეგმილი ეკლესიის მოწოდების მიხედვით”, — დასძინა მან.

“რიონის ხეობის მცველებმა” რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს განცხადება, რომლითაც პრაიდს ემიჯნებიან.

5 ივლისისთვის საპატრიარქომ ქაშუეთის ეკლესიასთან პრაიდის წინააღმდეგ 2 პარაკლისი დაგეგმა.

ძალადობა რუსთაველის გამზირზე

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველზე დილიდან იკრიბებიან. მათ სურთ ღირსების მარშის ჩაშლა, რომელიც თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი.

ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევიან. ბოლო ინფორმაციით, მათი  თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა, შეიძლება შეიცვალოს. დაზიანებულია მათი ტექნიკაც. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება პირი ჟურნალისტებს მოპედით.

ამასთან, ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში, რომლებიც პრაიდის კვირეულს უწევენ აორგანიზებს.

სანამ მედიაზე იძალადებდნენ და ოფისებში შეიჭრებოდნენ, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები პარლამენტის წინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი