ახალი ამბები

მირტყამდნენ გამეტებით… უნდოდათ, მოვეკალი — წვერავა თავდასხმას იხსენებს

5 ივლისი, 2021 • 3362
მირტყამდნენ გამეტებით… უნდოდათ, მოვეკალი — წვერავა თავდასხმას იხსენებს

“ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სცემეს, ჰყვება, როგორ დაესხნენ თავს. ინტერვიუს ჩაწერის მომენტში ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ 40 წუთის განმავლობაში ელოდა სასწრაფოს, თუმცა ეკიპაჟი ადგილზე იმ დრომდე არ იყო მისული.

“უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა ვთქვა, 40 წუთის წინ მოხდა ინციდენტი და ამ დრომდე სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, მაქვს ტვინის შერყევა, სხეულის სხვადასხვა მიდამოში მაქვს დაზიანება… ამ დრომდე არ მოსულა, ველოდები, რომ გადამიყვანონ კლინიკაში”, — თქვა მან “ფორმულასთან” საუბრისას.

წვერავამ პოლიციაში ჩვენება უკვე მისცა. მისი თქმით, მოძალადეების თავდასხმისას პრაქტიკულად არ გამოჩენილა პოლიციელი, რომელიც დაიცავდა.

“რაც შეეხება მომხდარს: მე პირველად ვიგრძენი, რა არის დაუცველობა: ეს მოხდა ცენტრში, პარლამენტის წინ. კადრებიც არსებობდა, პირდაპირ ეთერში ვიყავით. დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე, ადამიანები გამეტებით მირტყამდნენ ისე, რომ ერთი სამართალდამცავი არ გამოჩნდა, რომელიც გადამეფარებოდა. დაახლოებით ქაშუეთის ეკლესიასთან, ჩასასვლელში, ერთადერთმა პოლიციელმა დამიცვა, უძლური იყო, ბუნებრივია.

მამაოები, აქციის ყველა ორგანიზატორი… მე ჩართვის დროსაც ვთქვი, რომ აქ რომ რამე ესკალაციას ჰქონდეს ადგილი, სამართალდამცავები ვერ დამიცავენ—მეთქი.

…დაახლოებით 200 მეტრის განმავლობაში დავდიოდი და მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა, ვიგუდებოდი, ვერ ვლაპარაკობდი და ვთხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი. დახმარება კი არა, ყველა მირტყამდა გამეტებით. არ აინტერესებდათ, ადამიანი იყავი, ვინ იყავი… უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი. ერთი ნაბიჯი არის იქამდე, რომ ამ ადამიანებმა მოგკლან. ერთადერთი მიზანი აქვს, რომ შენ რადგან კითხვას უსვამ მას და შეიძლება, კრიტიკულო კითხვა დაუსვა, მოგკლან”, — დასძინა მან.

რატი წვერავას თქმით, მას მხოლოდ კითხვის დასმა სურდა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისთვის, რატომ იმყოფებოდა ადგილზე და თუ მოსწონდა ის, რასაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები აკეთებდნენ.

“ეს კითხვა უნდა დამესვა სასულიერო პირისთვის, რომელიც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ ლმობიერი, მშვიდობიანი… თვითონ იოანე გამრეკელი ხედავდა ამ ყველაფერს, როგორ ამიყვანა 50-მა კაცმა და დამიწყო დარტყმა”.

ძალადობა რუსთაველის გამზირზე

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

ფოტოზე: ნაცემი რატო წვერავა (მარცხნივ), თავდასხმის მომენტი (მარჯვნივ)/ფორმულა/ინტერპრესნიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი