საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მოქალაქეთა უსაფრთხოება დაიცვას.
მათი თქმით, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამოსული მოძალადეობრივი ჯგუფები პრემიერ-მინისტრის დღევანდელმა განცხადებამ წაახალისა.
როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება “პუტინისტურ, პრორუსულ ძალებთან” პირდაპირ კავშირშია და ერთობლივად უკეთებენ ორგანიზებას ძალადობრივ აქციას.
“პრემიერმა პრაქტიკულად მოუწოდა რუსთაველზე შეკრებილ ძალებს, რომ დაიწყონ დაპირისპირება, ფიზიკური შეხლა-შემოხლა, თავდასხმა.. დიდი ხანია ხელისუფლებას უნდა, რომ კარვები არ იყოს პარლამენტის წინ და ამისთვისაც კარგად გამოიყენეს ეს მოძალადე ჯგუფები. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია და ერთობლივად აორგანიზებს პუტინისტურ, პრორუსულ ძალებთან ერთად იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს თავისუფალი მოქალაქისთვის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება, დაარბიონ ყველა თავისუფალი მოქალაქე. ეს იყო დღეს პრემიერი განცხადება.
კიდევ ერთხელ ვახსენებთ პარლამენტიდან ოპოზიცია შსს-ს, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა, დღეს დაიცვას წესრიგი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ჩანს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს ხელისუფლება და პირდაპირ კავშირშია საპატრიარქოსთან, რომელიც რამდენიმე დღეა ძალიან ღიად აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს, თითქოს სალოცავად”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ კი დიპლომატიურ კორპუსს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა.
“პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობის და ადამიანების უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას და მათ მოუწოდებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ. ღარიბაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ არ დაზიანდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები, მოქალაქეები და ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში იყოს დაცული, პრაიდის ორგანიზატორობა დააბრალა ენმ-ს და მიხეილ სააკაშვილს. ამით პირდაპირ გაუხსნა გზა ძალადობას.
ჩვენ მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, რომლებთაც ადარდებთ ამ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება, დაუყოვნებლივ მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი არის ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.
შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.