ახალი ამბები

“ქრისტეს სახელით ძალადობა მიუღებელია” — ეპისკოპოსი საბა

4 ივლისი, 2021 • 1412
“ქრისტეს სახელით ძალადობა მიუღებელია” — ეპისკოპოსი საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა “თბილისი პრაიდის” კვირეულის პარალელურად საპატრიარქოს მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “თუკი რაღაცას ვაანონსებთ და ხალხს შეკრებისკენ მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობაც უნდა გვქონდეს”, რადგან კონტრაქციის დროს ძალადობის არაერთი ფაქტი ყოფილა.

“ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვძულს ადამიანები და როგორც მამა საკუთარ შვილებს, მივუთითებთ სწორი გზისაკენ. არის მეორე მხარე, როდესაც ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს მიუღებელია. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარების სწავლებასთან. სახელმწიფო კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია, დიაცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს კონსტუციის მიერ მათთვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობა. ხოლო ეკლესია არ ზრუნას ამსოფლიური ცხოვრებისთვის”, — განაცხადა ეპისკოპოსმა საბამ ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

“თბილისი პრაიდის” ღონისძიებაზე და კონტრაქციაზე წესრიგის უზრუნველყოფაში პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დააკისრა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმაც.

1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. პრაიდის კვირეული პირველ ივლისს, ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ჩვენების მონაწილეებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.

კვირეულის ფარგლებში, 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. კიდევ მისი დაანონსებიდან მალევე, გაისმა და ახლაც ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქციას დააანონსა.

“მე არ მომწონს, მაგრამ ვიღაცას მე არ მოვწონვარ” — ფოთის მიტროპოლიტი პრაიდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი