ახალი ამბები

“მე არ მომწონს, მაგრამ ვიღაცას მე არ მოვწონვარ” — ფოთის მიტროპოლიტი პრაიდზე

4 ივლისი, 2021 • 1696
“მე არ მომწონს, მაგრამ ვიღაცას მე არ მოვწონვარ” — ფოთის მიტროპოლიტი პრაიდზე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი “თბილისი პრაიდის” ღონისძიებაზე და კონტრაქციაზე წესრიგის უზრუნველყოფაში პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

“სახელმწიფო იმისთვისაა, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონის ფარგლებს გადავა. ეკლესია თავზე ვერ აიღებს სახემწიფო ინსტიტუტების ფუნქციას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, არ ვიცი შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია, რაც უნდა სახელმწიფომ განახორციელოს, ანუ კანონის მიხედვით, რაც ნებადართულია, რაც არ არის ნებადართული, გააკონტროლოს და აღასრულოს კანონი, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა”, — განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მისი თქმით, პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მღვდელმთავარს ეკითხებიან, უნდა ჩატარდეს თუ არა “თბილისი პრაიდი”.

“მე, ერთი კაცი, გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?” — თქვა მან.


1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. პრაიდის კვირეული პირველ ივლისს, ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ჩვენების მონაწილეებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.

კვირეულის ფარგლებში, 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. კიდევ მისი დაანონსებიდან მალევე, გაისმა და ახლაც ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქციას დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი