ახალი ამბები

ვაქცინაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევაა – გაბუნია

3 ივლისი, 2021 • 1565
ვაქცინაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევაა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაზე რეგისტრაციის პორტალის გათიშვის მიზეზი კიბერშეტევაა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.

“ჯანდაცვის სამინისტროს რეგისტრაციის პორტალზე დაგეგმილი იყო რეგისტრაციის დაწყება დღეს, დღის პირველი ნახევრიდან, თუმცა ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ საიტზე მიმდინარეობს მასირებული კიბერშეტევა, რამაც, ბუნებრივია, შეაფერხა პორტალის მუშაობა. შესაფერისი უწყებები ჩართულები არიან პროცესში, მიმდინარეობს პრობლემის შეფასება და მუშაობა იმაზე, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას”, – აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, პორტალთან ერთად, ვაქცინის დაჯავშნა სხვა გზებითაცაა შესაძლებელი:

“რეგისტრაცია დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც პორტალის მეშვეობით, ასევე ვაქცინაციის პროცესში ჩართული დაწესებულებების ქოლცენტრების საშუალებით; ასევე, რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებაში და გადაწყვეტაში მოქალაქეებს დაეხმარებათ ცხელი ხაზი 1522-ის სახით. ასევე, გაეშვება 144-ის კიდევ დამატებითი სერვისი იმისთვის, რომ სატელეფონო გზით ჩაწერის შესაძლებლობა მოქალაქეებს უფრო აქტიურად ჰქონდეთ”.

სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისის 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმუნიზაციის პორტალი booking.mov.gov.ge, რომლის მეშვეობითაც მოქალაქემ შესაბამისი დოზა უნდა დაჯავშნოს, არ მუშაობს.

ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებელს ხვდება ტექსტი: “გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის”.

ჩინური ვაქცინის მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ეს ინფორმაცია პარასკევს გახდა ცნობილი. ამავე დღეს NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პარასკევს თქვა, რომ “სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან, ვაქცინაცია კი 5 ივლისიდან დაიწყება.

“ფაიზერით” 16 წელს ზემოთ მოსახლეობას ავცრით – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი