დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინა შემოვა, პრეპარატით 16 წლიდან პირებს აცრიან.
ამირან გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ “ფაიზერის” წარმოებული ვაქცინა ამ ეტაპზე ერთადერთია, რომელსაც ავტორიზაცია მინიჭებული აქვს 16 წელს ზემოთ პირებში გამოყენებისთვის, სხვა ყველა დანარჩენი ვაქცინით იმუნიზაცია კი 18 წლიდან პირებისთვისაა დასაშვები:
“მოგეხსენებათ, “ფაიზერს” ინსტრუქციაში აქვს 16 წლიდან ზემოთ აცრა. დღეს ყველა სხვა ვაქცინით 18 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა იცრება. “ფაიზერს” აქვს 16 წლიდან. ამიტომ, როდესაც “ფაიზერის” დოზები შემოვა, ჩვენთანაც შევა ცვლილება და 16 წლის ზემოთ მოსახლეობა აიცრება. ხოლო რაც შეეხება შემდგომი გადაწყვეტილებისთვის, რასაც ზოგიერთი ქვეყანა ახორციელებს მოზარდების აცრის სახით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნას დაველოდებით” – ამბობს ამირან გამყრელიძე.
დღეს საქართველოში ჩინური წარმოების ორი ვაქცინის მილიონი დოზა ჩამოვიდა. შემდეგი დოზების თაობაზე ჩამოსვლასთან დაკავშირებით კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დამატებით ნახევარი მილიონი დოზა “სონოფარმის” და ნახევარი მილიონი დოზა “სინოვაკის” ვაქცინებს საქართველო რამდენიმე კვირაში ელოდება.
“ამას გარდა, “ფაიზერთან” გაფორმებულია კონტრაქტი მილიონ დოზაზე და ფული გადახდილი გვაქვს. “ფაიზერი” მოწოდებას ეტაპობრივად დაიწყებს ივლისიდან. ჯამში, წლის ბოლომდე ველოდებით 4 მილიონამდე დოზას, რაც საშუალებას გვაძლევს, ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას წლის ბოლომდე”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.