ახალი ამბები

დიმიტრი გვრიტიშვილის მორიგი ცდა უზენაეს სასამართლოში ასარჩევად

1 ივლისი, 2021 • 1860
დიმიტრი გვრიტიშვილის მორიგი ცდა უზენაეს სასამართლოში ასარჩევად

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას კიდევ ერთხელ ცდილობს. გვრიტიშვილი ერთ-ერთი იყო 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების 10-კაციან სიაში, რომელმაც ფართო საზოგადოებრივი დისკუსია, პროტესტი, “ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლა და საბოლოოდ, მოსამართლეთა არჩევის წესის ცვლილება გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში დიმიტრი გვრიტიშვილს დღეს, 1-ელ ივლისს ჰქონდა გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომლის წევრის უფლებამოსილება თავად ივნისის ბოლოს ამოეწურა. საბჭოს მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, გვრიტიშვილის კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება.

“მოსამართლე საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ არ უნდა ამყოფო”…

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი შეიცვალა. მათ შორის, საჯარო გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია და საბჭოს წევრებს კანდიდატებზე საკუთარი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება დაეკისრათ.

დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელიც ადრეც აკრიტიკებდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, გასაუბრებაზე ხაზი გაუსვა იმ წნეხს, რომლის წინაშეც, მისი აზრით, მოსამართლეობის კანდიდატები არიან. მათ შორის, გაიხსენა, რომ პარლამენტში განხილვებზე მოსამართლეებს მათ მიერ განხილულ კონკრეტულ საქმეებზე უსვამდნენ კითხვებს, მათ შორის, დეპუტატები, რომელთა საქმეც განიხილა ამა თუ იმ მოსამართლემ.

  • მაგალითად, მოსამართლე პაატა სილაგაძემ არ უპასუხა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს, რადგან უზენაეს სასამართლოში მუშაობისას გოგიჩაიშვილის საქმე ჰქონდა განხილული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ დიმიტრი გვრიტიშვილს ჰკითხა, საბჭოს წევრის რანგში ჰქონდა თუ არა უხერხულობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კოლეგა კანდიდატების ღია პროცედურით შეფასების გამო.

“ერთადერთი შეიძლება [უხერხულობა] შემექმნა ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე, თორემ როგორც ფარული კენჭისყრის დროს შევაფასებდი, ისევე შევაფასე”, — უპასუხა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

თუმცა მისი თქმით, ფარული კენჭისყრის დროს ადამიანი აბსოლუტურად გათავისუფლებულია წნეხისგან. დიმიტრი გვრიტიშვილმა გაიხსენა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებული დავა მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრების ამკრძალავი ნორმის კონსტიტუციურობაზე.

“მეგაფონებით რომ მოვიდნენ ჩემს სახლთან, გავუძლებ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მცდელობაც კი დაუშვებელია, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობაზე იმოქმედო. ამის დაკავშირებას ვცდილობ [მოსამართლეთა შერჩევის] პროცესის სრულად ღიაობას. არ უნდა დააყენო მოსამართლე ამგვარი ვითარების წინაშე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სრულფასოვნად ვერ ვპასუხობთ ჩვენზე წამოსულ ცილისწამების, შეურაცხყოფის, უსამართლო თავდასხმების ნიაღვარს თუნდაც იგივე ლექსიკით, პოლიტიკოსები პასუხობენ, ამიტომ ჩათვალა ევროპულმა კონვენციამ, რომ სასამართლოს ავტორიტეტი დაცვის ღირსი სიკეთეა.

მოსამართლე ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო; მოსამართლე საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ არ უნდა ამყოფო; მოსამართლე როდესაც საქმეს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს, პარალელური პროცესი არ უნდა მოაწყო მასმედიის საშუალებებში — ეს სტანდარტები აქვს ჩამოყალიბებული [ევროპულ სასამართლოს] და აქედან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი, რომ ჩვენ, მოქმედი მოსამართლეები ამ ვითარებაში აღმოვჩენილიყავით, როგორშიც უკვე ერთი კონკურსი დავასრულეთ. გავუძლებთ, ბევრ რამეს გავუძლებთ კიდევ, სანამ ჯანმრთელობა გვეყოფა, მაგრამ ბატონებო, საზოგადოებას მივმართავთ, არ უნდა ჩაგვაყენოთ ამ მდგომარეობაში მოქმედი მოსამართლეები”, — განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა და საზოგადოებას მოუწოდა, მოსამართლეებს ბუნებრივ, საქმიან გარემოში ფუნქციონირების შესაძლებლობა მისცენ”, — განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეფასებისას კი თქვა, რომ ხარვეზებს ვერ ხედავს.

დიმიტრი გვრიტიშვილის შესახებ

დიმიტრი გვრიტიშვილი 2020 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. მანამდე ის იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2012 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა იყო მოსამართლე საქმეზე, სადაც დაადგინა, რომ ნათია მოგელაძის უწყებამ 5 მილიონამდე ლარით კანონიერად დააჯარიმა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია. ივანიშვილის მაშინდელი ადვოკატები, ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე გვრიტიშვილის აცილებას ითხოვდნენ. ბესელიამ იგი ფორმალური სასამართლოს მოწყობაში დაადანაშაულა და მიკერძოებული უწოდა.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის სახელს სხვა გახმაურებული საქმეებიც უკავშირდება. ასეთია დიღმის ტყე–პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნის საქმე, დაჩი ცაგურიასთვის ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯა და ა.შ.

დიმიტრი გვრიტიშვილი 2017-2021 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. სასამართლო საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორი დიმიტრი გვრიტიშვილს “კლანის” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად განიხილავენ. ასევე, აკრიტიკებენ მას როგორც პოლიტიკური, ისე არაეთიკური შინაარსის მოსაზრებების დაფიქსირებისთვის გარკვეული დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების მიმართ.

როდესაც კლანად წოდებული გავლენიანი მოსამართლეების და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ყველაზე აქტიური კრიტიკოს ნაზი ჯანეზაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა დასასრულს მიუახლოვდა, დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა:

“მე, როგორც მოსამართლე და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი იქნებიან, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება”.

ნაზი ჯანეზაშვილი დიმიტრი გვრიტიშვილს აკრიტიკებდა იმ მიზეზითაც, რომ როგორც პრივილეგირებული მოსამართლე, იგი საქმეების განხილვისგან “ისვენებდა” და მისი დატვირთულობის მაჩვენებელი 10%-ს არ აღემატებოდა, მაგალითად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობისას, ორი წლის მანძილზე არცერთი საქმე არ განუხილავს.

გვრიტიშვილი, რომელიც ყოველთვის საუბრობს სასამართლო სისტემაში კადრების ნაკლებობაზე, აღნიშნულს შემდეგნაირად ხსნიდა:

“მე ვარ ერთ-ერთი დიდი სასამართლოს თავმჯდომარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ანუ, ფუნქციებს ვახორციელებ ორივე ქალაქში, ქუთაისშიც და თბილისშიც. […] იმდენად დიდი ადმინისტრაციული ფუნქცია ეკისრებათ სასამართლოს თავმჯდომარეებს, გარდა იმისა, რომ შიგნით მოაწესრიგოს საკადრო საკითხებით დაწყებული, ადმინისტრაციული ფუნქციები შენობაში სრულად განახორციელოს, წესრიგის დაცვის ჩათვლით. ასევე მას აქვს წარმომადგენლობითი ფუნქცია, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა სასამართლოს სახელით, უცხოელი სტუმრების მიღება, დახვედრა და ა.შ. კიდევ არის ტურები, მაგალითად. მე პირადად, როცა ქუთაისში ვარ, პირადად ვხვდები სტუდენტებს და მოსწავლეებს და დღეში რამდენიმე საათიც დამიხარჯავს, რომ გამეცნო მათთვის სასამართლო საქმიანობა – ეს მოითხოვს დროს”.

გვრიტიშვილის I ცდა

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების 10-კაციანი სია წარმოადგინა, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იყვნენ. სიის “დახურულ კარს მიღმა ” ფორმირება სახალხო დამცველმა, არასამთავრობო სექტორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და ოპოზიციამ გააკრიტიკეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი შიდა დაპირისპირების მიზეზი გახდა საპარლამენტო უმრავლესობაში. თანამდებობა დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, ხოლო პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესი შეჩერდა და ახალ პროცედურაზე დაიწყო მუშაობა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას, თუ მასში დიმიტრი გვრიტიშვილი იქნებოდა.

იუსტიციის საბჭოს მიერ გამოცხადებულ ხელახალ კონკურსში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა 144-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე ახალ სიაში არ ფიგურირებდნენ. საბოლოოდ, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლე დანიშნა უვადოდ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტების პროცედურა გრძელდება. ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტისთვის წარდგენილი აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატურა. ასევე, 2020 წლის 2 ნოემბერს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში აგრძელებს გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტისთვის დამატებით წარსადგენი კანდიდატების შესარჩევად. სწორედ აღნიშნული კონკურსის მონაწილეა დიმიტრი გვრიტიშვილი.

სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ აირჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”.

თუმცა “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

მოსამართლე გვრიტიშვილის სამართალი

მასალების გადაბეჭდვის წესი