გადაცემაში “პოლიტმეტრი” უვადოდ განწესებული მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განამრტავს, თუ რატომ არ აქვს არცერთი საქმე განხილული ბოლო ორი წლის მანძილზე.
როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, სასამართლოს თავმჯდომარეს ბევრი ადმინისტრაციული ფუნქცია ეკისრება. ამასთან, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიცაა და საქმიანობა ორ ქალაქში უწევს:
“მე ვარ ერთ-ერთი დიდი სასამართლოს თავმჯდომარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ანუ, ფუნქციებს ვახორციელებ ორივე ქალაქში, ქუთაისშიც და თბილისშიც. […] იმდენად დიდი ადმინისტრაციული ფუნქცია ეკისრებათ სასამართლოს თავმჯდომარეეებს, გარდა იმისა, რომ შიგნით მოაწესრიგოს საკადრო საკითხებით დაწყებული, ადმინისტრაციული ფუნქციები შენობაში სრულად განახორციელოს, წესრიგის დაცვის ჩათვლით.
ასევე მას აქვს წარმომადგენლობითი ფუნქცია, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა სასამართლოს სახელით, უცხოელი სტუმრების მიღება, დახვედრა და ა.შ. კიდევ არის ტურები, მაგალითად. მე პირადად, როცა ქუთაისში ვარ, პირადად ვხვდები სტუდენტებს და მოსწავლეებს და დღეში რამდენიმე საათიც დამიხარჯავს, რომ გამეცნო მათთვის სასამართლო საქმიანობა – ეს მოითხოვს დროს”, – ამბობს გვრიტიშვილი.