ახალი ამბები

ვინ აფინანსებს გახარიას პარტიას

30 ივნისი, 2021 •
ვინ აფინანსებს გახარიას პარტიას

ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”, რომელიც 29 მაისს დარეგისტრირდა, უკვე ჰყავს პირველი შემომწირველები.

აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფარგლებში გამოქვეყნებული შემოწირულობებიდან ირკვევა, რომ ივნისის თვეში გიორგი გახარიას პარტიას 139 ათას ლარამდე შესწირეს. ყველაზე მსხვილი შემომწირველები მისივე პარტიის წევრები — ბერდია სიჭინავა, ალექსანდრე მოწერელია და გიორგი ხოჯევანიშვილი — არიან.

აუდიტის სამსახურის დოკუმენტაციის თანახმად, პარტიას “საქართველოსთვის” შემომწირველების სია ასე გამოიყურება:

  • ბერდია სიჭინავა — 34 503 ლარი;
  • ალექსანდრე მოწერელია — 25 000 ლარი;
  • გიორგი ხოჯევანიშვილი — 25 000 ლარი;
  • ნიკოლოზ ბარამაშვილი — 24 195 ლარი;
  • გიორგი ჭანტურია — 8 545 ლარი;
  • გიორგი გოგუაძე — 5 000 ლარი;
  • ანა ბუჩუკური — 5 000 ლარი;
  • ედიშერ გორგილაძე — 4 000 ლარი;
  • დავით ფარცვანია — 2 485 ლარი;
  • ერასტი ელიჯარაშვილი — 2 100 ლარი;
  • სოფიო მდინარაძე – 1 248 ლარი;
  • აკაკი გვიანიძე — 1 800 ლარი;
  • ტატო ედიშერაშვილი — 1 200 ლარი.

ვინ ვინ არის?

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილეა. მან თანამდებობა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დატოვა, მოგვიანებით კი მის პარტიაში გაწევრიანდა. პარტია “საქართველოსთვის” ყველაზე მსხვილი შემომწირველის ბერდია სიჭინავას ერთადერთი შემოსავალი, 2021 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ხელფასი იყო. 2020 წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობისას ბერდია სიჭინავამ ანაზღაურების სახით 68 907 ლარი მიიღო.

ალექსანდრე მოწერელია ამჟამად დეპუტატია. 2018-20 წლებში ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული იყო. “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ინფორმაციით, გუბერნატორად დანიშვნამდე მოწერელია “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა და ფლობდა წილებს შემდეგ კომპანიებში: “ქაპ ჯორჯია”, “ფიმა ჯორჯია” და “აერკომპანი”.

2020 წლის დეკლარაციის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში, მიწის ნაკვეთებს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ბინას ბრატისლავაში და მსუბუქ ავტომანქანას.

გიორგი ხოჯევანიშვილი 2018-20 წლებში იყო შიდა ქართლის გუბერნატორი, 2020 წლიდან კი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. 2011-2013 წლებში ის სასჯელაღსრულების სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი კომპანია „მაგთიკომში” მუშაობდა. ფლობს წილებს რამდენიმე სამეწარმეო კომპანიაში.

ნიკოლოზ ბარამაშვილი არის შპს “ვესთის” დირექტორი. კომპანია სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობებს, ასევე, საგადასახადო კონსულტირებას ეწევა.

ოთხი ყველაზე მსხვილი შემომწირველის გარდა, პარტია “საქართველოსთვის” თანხები შესწირეს ბიზნესმენებმა  ტატო ედიშერაშვილმა და ედიშერ გორგილაძემ და პარტიის წევრებმა: დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გოგუაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ ყოფილმა დირექტორმა დავით ფარცვანიამ, გორის მერის ყოფილმა მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილმა და პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო მდინარაძემ.

გახარია პარტიის დაფინანსებაზე

პარტიამ “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან ერთ თვეში გახსნა ოფისი თბილისში და ბათუმში, ასევე, დაანონსა, რომ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გახსნა ყველა რეგიონში.

გიორგი გახარიას თქმით, პარტია “საქართველოსთვის” მისი და მეგობრების დანაზოგებით ფინანსდება, თუმცა ოფიციალურ შემომწირველებს შორის თავად გახარია არ ფიგურირებს.

“დღევანდელ დღემდე ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების, რომლებიც ვართ ამ პარტიის დამფუძნებლები, დანაზოგები. გვექნება დაფინანსების ინოვაციური  მექანიზმები. ვასწავლით “ოცნებას”, როგორია პარტიის თეთრი დაფინანსების მექანიზმები კანონიერი და როგორ მუშაობს”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი