კრიტიკისთვის მსჯიან – ნეტგაზეთთან ინტერვიუში ასე აფასებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფი დეკანოზი ილია ჭიღლაძე საპატრიარქოსგან მიღებულ წერილს.
წერილში, რომელსაც ხელს პატრიარქის მესაყდრე, შიო მუჯირი აწერს ხელს ნათქვამია, რომ დეკანოზი სინოდის წინაშე თვის ბოლოს ანუ 30 ივნისს უნდა წარსდგეს. დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ, რომელიც საჯარო სივრცეში აქტიურად აკრიტიკებს მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და მათ ქმედებებს, აღნიშნული წერილი ელექტრონულ ფოსტაზე 29 ივნისს მიიღო.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ა.წ. 11 თებერვლის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო თქვენს მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით, პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის ქართული სამრევლოების მმართველ მღვდელმთავართან, მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული) კომუნიკაციის შემდეგ, ა.წ. ივნისის თვეში გამართულ სხდომაზე კომისიამ აუცილებლად მიიჩნია განმარტებებისთვის ერთი თვის ვადაში (ანუ ივნისის ბოლომდე) გამოცხადდეთ საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე,“ – წერია წერილში.
„ზოგადად, თებერვლის განჩინებით იყო დაანონსებული ჩემი დასჯის გადაწყვეტილება, რადგანაც მათთვის უკანასკნელ წლებში ჩემს მიერ გაჟღერებული არაერთი კრიტიკული პოზიცია იყო ძალიან მიუღებელი. ამდენად გასაკვირი არაფერია,“ – ამბობს დეკანოზი ნეტგაზეთთან საუბარში.
მისი თქმით, რაც ნამდვილად უცნაურია წერილში, ეს მითითებული თარიღია. დეკანოზი ილია ჭიღლაძე განმარტავს, რომ წერილი ხელმოწერილია 25 ივნისს, თუმცა, ელექტრონულ ფოსტაზე მან ის 29 ივნისს მიიღო.
დეკანოზი ამ ყველაფერს კორექტურულ ხარვეზს უკავშირებს, თუმცა, აქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, ოფიციალური წერილი ამგვარი შეცდომებით არ უნდა იგზავნებოდეს.
განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხად დეკანოზი მოსაყდრე შიოს ხელმოწერას მიიჩნევს.
„კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის მიერ ეკლესიის მართვა და საეკლესიო საკითხების მართვა, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი ტახტზე ზის და ცოცხალია და თავის უფლებამოსილება არ შესწყვეტია – ასეთ ვითარებაში მოსაყრდის არსებობა და მის მიერ ეკლესიის მართვა, და მათ შორის, ჩემი საკითხის განსჯა არის უკანონო, რადგან საეკლესიო დებულებით მოსაყრდის დღევანდელი მდგომარეობა არ არის ლეგიტიმური და კანონიერი,“ – განმარტავს ის.
რაც შეეხება საპატრიარქოს სავარაუდო „სასჯელს“, დეკანოზი ჭიღლაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, მას ან მღვდელმოქმედებას შეუჩერებენ, ან უფრო მძიმე გადაწყვეტილებას — მღვდლობიდან განკვეთას მიიღებენ. თუმცა, ამის შესახებ მან წინასწარ არაფერი იცის.
ჩვენს კითხვაზე, თუ აპირებს ის საბოლოოდ თბილისში ჩამოსვლას ისე, როგორც ამას წერილი მოითხოვს, დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამბობს:
„ჩასვლის საკითხს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, წერილი გაუგებრობას შეიცავს და უნდა გაირკვეს ეს გარემოება. მე როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ე.წ. მოსაყდრის მიერ საეკლესიო მმართველობას, საქმის წარმოებასა და კონკრეტულად, თუნდაც, ჩემი საკითხის განხილვას მივიჩნევ უკანონოდ, რომელიც არ შეესაბამება საეკლესიო კანონიკას, კანონმდებლობას და შესაბამისად არალეგიტიმურია.
ასეთ ვითარებაში ჩემი მათთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ,“ – განმარტავს ის.
დეკანოზი ჭიღლაძე ასევე ამატებს, რომ ამას ემატება ისიც, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მას კი ოჯახი ჰყავს და მიმოსვლა ასე მარტივი არ არის.
„ამას ერთვის ყველაზე მთავარი გარემო – საქართველოს ეკლესიაში არსებული, ეს არაკანონიერი, არალეგიტიმური მმართველობა ე.წ. მოსაყდრისა, რომელიც კათოლიკოს პატრიარქის ნაცვლად გვევლინება ეკლესიის მმართველად იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს კათოლიკოს პატრიარქი,“ — ამბობს ნეტგაზეთთან დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებს შორის, ვინც საქართველოს საპატრიარქოს შეცდომებსა თუ გადაწყვეტილებებს საჯაროდ აკრიტიკებს.
მაგალითად, მთავარეპისკოპოსი იაკობის ინტერვიუს შემდეგ, სადაც მან თქვა, რომ ივანიშვილის დავალებით „მეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო,“, ჭიღლაძემ შოკისმომგვრელი უწოდა და თქვა: „დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი,“.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ასევე აკრიტიკებდა პანდემიის პირობებში 2020 წელს სააღდგომო წირვების ეკლესიაში ჩატარების გადაწყვეტილებას — „ჭეშმარიტ რწმენა და ღვთისმოსაობა ქვის ტაძრების გარეშეც აღესრულება “, აცხადებდა ის.
“მოწოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ არის ბნელი, შავრაზმული პრიმიტივიზმი, ქვეყნის თალიბანიზაციის ცდა,” – ასე გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე მანამდე მოქალაქეთა, მათ შორის, სასულიერო პირთა განცხადებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ.