ახალი ამბები

ოპოზიციის დემარშის მიუხედავად, პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწყო

29 ივნისი, 2021 • 1140
ოპოზიციის დემარშის მიუხედავად, პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწყო

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მხოლოდ “ქართული ოცნების” შემადგენლობით, სამუშაო ჯგუფი შექმნა პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

კომიტეტზე დამსწრე ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა უნდობლობა გამოუცხადა პროცესს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შეჩერება მოითხოვა, ვიდრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმა განხორციელდება.

“იურდიულმა კომიტეტმა არ უნდა დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ისევე, როგორც პარლამენტმა უნდა შეაჩეროს დანიშვნის პროცედურები და მას შემდეგ განახლდეს, რაც სასამართლო რეფორმას მივიღებთ. კონსტიტუციასთან და კანონის შესაბამისობასთან საკითხის დადგენა კარგია, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად შესაბამისობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა არის არა მხოლოდ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების, არამედ პუნქტების დარღვევა. ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ნუ დავარღვევთ  მიშელის ხელშეკურლებას. თუ ასე მოხდება, სხვა არაფერი დამრჩება, თუ არა, დავტოვო იურიდიული კომიტეტის სხდომა და მონაწილეობა არ მივიღო საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო განხილვებში”, — განაცხადა დეპუტატმა შალვა შავგულძემ.

“ლელოს” წევრ ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოსამართლეების არალეგიტიმური პროცესით არჩევა კიდევ უფრო შეარყევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას.

“ან შეაჩერებთ პროცესს და დაემორჩილებით მიშელის შეთანხმებას, ან სამუდამოდ ხელს მოაწერთ იმას, რაზეც მივუთითებდით მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ საბჭო სასამართლოს მართავდა კლანურად სწორად თქვენთან გარიგებით. 19 აპრილის შეთანხმების გარდა, სხვა შეთანხმება გაქვთ გაფორმებული კლანთან და იმ შეთანხმების უფრო გეშინიათ”, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე მოსამართლეებს მოუწევთ პოლიტიკური ფასის გადახდა.

ამ კონტექსტში მან საერთაშორისო სანქციებზე მიუთითა.

“არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მოსამართლეები საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან, მაგრამ სხვა გზას არ ტოვებთ”, — დასძინა მან.

მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე აშშ-ის ელჩის პოზიციაზე მიუთითეს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა მიხეილ დაუშვილმა და “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. სამუშაო ჯგუფის შექმნის გადადება და კონსულტაციების გავლა მოითხოვა “სტრატეგია აღმაშენებლმაც”.

თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის პოზიცია არ გაიზიარა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრი და დამსწრე ოპოზიციური ჯგუფების ყველა წარმომადგენელმა, გარდა იაგო ხვიჩიასი, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

“საცობი რომ არ შეიქმნას, სხვადასხვა კარიდან გადით”, — მიმართა მათ ანრი ოხანაშვილმა.

მოგვიანებით გავიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იაგო ხვიჩიასაც.

“ქართულმა ოცნებამ” სამუშაო ჯგუფის შექმნას ერთხმად დაუჭირა მხარი, მათ შორის, ოპოზიციის კვოტებიც გამოყო. სამუშაო ჯგუფში კვოტები შემდეგნაირად განაწილდა: “ქართული ოცნება” — 13 წევრი, “შარლ მიშელის ჯგუფიდან” — 1 კვოტა, “ლელო” — 1 კვოტა, ენმ — ლევან ბეჟაშვილი, “მოქალაქეები” — 1 კვოტა, “ევროპელი სოციალისტები” — ფრიდონ ინჯია, “გირჩი” — 1 კვოტა, უფრაქციოები — 1 კვოტა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მან სამუშაო ჯგუფში ჩართვა შესთავაზა სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული დახმარების საზოგადოების ხელმძღვანელს და აკადემიკოსებს: ჯონი ხეცურიანს და თამარ ზარანდიას. კანდიდატებთან გასაუბრებების ფორმატთან დაკავშირებით კომიტეტი გადაწყვეტილებას 2 ივლისს მიიღებს.

სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ აირჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”.

თუმცა “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი