ახალი ამბები

თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი — ელისაშვილი პრაიდზე

29 ივნისი, 2021 • 1253
თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი — ელისაშვილი პრაიდზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი და პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი, თბილისში პრაიდის კვირეულის ჩატარებას არ ემხრობა და არ ესმის, რატომ აწყობენ ორგანიზატორები აღნიშნულ ღონისძიებას.

“რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების გარდა, პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები”, — უთხრა მან მედიას.

ჟურნალისტის კითხვას, “თქვენთვის პირადად მისაღებია?”, ელისაშვილმა უპასუხა, რომ “არა”, შემდეგ კი თქვა:

“თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი”.

დღესვე, 29 ივნისს, პარლამენტში მოქმედმა ოპოზიციურმა ფრაქციამ “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მიიწვია, რათა ვახტანგ გომელაურმა კანონმდებლებს აუხსნას, როგორ აპირებს სახელმწიფო, უზრუნველყოს “თბილისი პრაიდის” კვირეულის უსაფრთხოება.

ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს 1-5 ივლისს, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დასასრულს, 5 ივლისს კი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარში” გაიმართება. კვირეულის გარშემო მიმდინარე დისკუსიების პარალელურად, ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხელისუფლებას ღონისძიების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამავე მოწოდებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 28 ევროპარლამენტარმა, რომელთა წერილიც 28 ივნისს გავრცელდა.

პრაიდი დაბრკოლებების, მუქარების, დაუცველობის ფონზე

“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა”, — აცხადებენ აქტივისტები, რომელთაც ზემოხსენებული კვირეულის აღნიშვნა სურთ.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე.

თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

2019 წელს თბილისში პირველად დაიგეგმა ლგბტ პრაიდის კვირეული, რომელიც მაშინაც “ღირსების მარშით” უნდა დაგვირგვინებულიყო ქალაქის რომელიმე ქუჩაზე.

პარტიზანული “ღირსების მარში“ შსს-სთან. 08.07.2019 ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ორგანიზატორებს იმთავითვე ჰქონდათ კომუნიკაცია შსს-სთან, რომელმაც, როგორც ისინი ამბობდნენ, ჯერ დახურულ სივრცეში ურჩია აქტივისტებს მარშის ჩატარება, შემდეგ კი საერთოდ ვერ მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები.

ამავე პერიოდში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა პრაიდის ჩატარება თბილისში. ჰომოფობიური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი თქვა, რომ თბილისი პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნიდა.

საბოლოოდ, გარანტიების არარსებობის ფონზე, თბილისის პრაიდის აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გამართეს პარტიზანული მარში, სადაც პროცესებზე პასუხისმგებლობა გახარიას დააკისრეს. აქციაზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი ჩანდა იმ ფონზე, როცა აშკარა იყო მუქარები რადიკალთა მხრიდან.

ამ მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ, უცნობია, მოახერხებენ თუ არა ორგანიზატორები პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარებას.

“უსაფრთხოება” გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე — რატომ ეწინააღმდეგება “ოცნება” “პრაიდს”

მასალების გადაბეჭდვის წესი