ახალი ამბები

საიდუმლო შეთანხმება არ არსებობს, 19 აპრილის დოკუმენტი გულისხმობს მოსამართლეთა არჩევის შეჩერებას — დეგნანი

29 ივნისი, 2021 • 1258
საიდუმლო შეთანხმება არ არსებობს, 19 აპრილის დოკუმენტი გულისხმობს მოსამართლეთა არჩევის შეჩერებას — დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ შეახსენებს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერების თაობაზე.

დეგნანმა დღეს, 29 ივნისს, არ შეაფასა რამდენიმე მოსამართლის კომენტარი იმის თაობაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პრინციპებს და მიესალმა მათ განცხადებას, რომ მოსამართლეები მზად არიან, იმუშაონ ყველასთან სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად.

“ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო დონორები 25 წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად. სწორედ იმიტომ, კანონის უზენაესობა და ძლიერი, მიუკერძოებელი სასამართლო არის წინაპირობა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში წევრობისთვის.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, ასევე, შეთანხმდნენ ამბიციური სასამართლო სისტემის რეფორმაზე ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული პროცესის გზით. 19 აპრილის შეთანხმება წარმოადგენს საგზაო რუკას ამისთვის, მათ შორის, ეს გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეყოვნებას იქამდე, სანამ არ იქნება ფართო და ინკლუზიური დისკუსია და კონსულტაციები გაიმართება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს საქართველოს სასამართლო სისტემა.

ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს კონსულტაციები სამუშაო ჯგუფებში გაიმართება რაც შეიძლება სწრაფად, ყველა დაინტერესებული მხარის, სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით. ეს არის ის, რაზეც პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ 19 აპრილის შეთანხმებით. რამე გვერდითი და საიდუმლო შეთანხმებები არ არსებობს. ყველაფერი წერია 19 აპრილის შეთანხმებაში”, — განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა მოსამართლეობის კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს და ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული დეპუტატების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება, რაც მოიცავს ცალსახა ჩანაწერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის შეჩერებას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მრავალპარტიული მოლაპარაკებების წარმოებამდე.

“ეს არის რაზეც პარტიები შეთანხმდნენ და რასაც მოქალაქეები ელოდებიან. ახლა, როცა ბურთი პარლამენტის მოედანზეა და მათი უფლებამოსილებაა, დააყოვნოს ეს პროცესი”, — დასძინა დეგნანმა.

სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ აირჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”.

თუმცა “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი