“რამდენიმე მოსამართლის აღქმაში და მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსთან და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პრინციპებს”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
როგორც გვრიტიშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დღეს, 27 ივნისს, გამართულ მოსამართლეთა შეხვედრაზე ერთობლივი განცხადება მოამზადეს, რომლითაც სასამართლო სისტემის მიმართ მიმდინარე “დეზინფორმაციული კამპანიას” აპროტესტებენ.
“გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რომელიც მიმართულია სასამართლო ხელისუფლების დიკსრედიტაციისკენ და მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. გამახვილდა ყურადღება ისეთ მიუღებელ ფორმებზე, როგორიც არის მაგალითად სატელევიზიო კლიპების და სპეციალური ფილმების დამზადებაც, ამ ცილისმწამებლური კამპანიით გაჯერებული[…]
დავაფიქსირეთ მოთხოვნა და მოწოდება ყველა სუბიექტის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს: სხვა სახელისუფლებო შტოები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტი, ვინც ჩართულია, რამენაირი ფორმით პოლიტიკურ სამართლებრივ დისკუსიებში, და აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მისი ხელყოფის მცდელობა”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს ოპოზიცია. ამასთან, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებზე საუბრობს ქვეყნის თითქმის ყველა პარტნიორი. აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, გაცხადა, რომ თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება, ეს სისტემის რეფორმირებისთვის დაკარგული შანსი იქნება.
17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენად კონკურსის ბოლო ეტაპზე გადასული ცხრავე კანდიდატი შეარჩია.
აშშ-ს ელჩმა და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 22 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ერთობლივი წერილითაც მიმართეს. ელჩების წერილს წინ უძღოდა მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები უნდა აირჩიონ.