ახალი ამბები

აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ – მთავარეპისკოპოსი ნინოწმინდის პანსიონზე

28 ივნისი, 2021 • 1473
აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ – მთავარეპისკოპოსი ნინოწმინდის პანსიონზე

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ პანსიონთან მიმართებით ყველა რეკომენდაციას გაითვალისიწინებენ, მათ შორის სახალხო დამცველის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ხელისუფლების. ამის შესახებ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

“სახალხო დამცველის ინსტიტუტი შემოვიდა ჩვენთან. ჩვენ გავითვალისწინებთ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას, ისევე როგორც ევროკავშირის, UNICEF-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ. თუ რამე პრობლემა იქნება, ყველაფერს აღმოვფხვრით”, – განაცხადა პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა.

ამასთან, მთავარეპისკოპოსის თქმით, პანსიონში არსებული ყველა პრობლემა აღმოიფხვრება, ამჟამად კი, მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა მცირე ტიპის საოჯახო დაწესებულებების დროული აშენებაა. პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა ამ ეტაპზე არ დააკონკრეტა, თუ სად აშენდება და ვინ დააფინანსებს მცირე ზომის საცხოვრისებს. თუმცა, მისი თქმით, ეს მთავრობა არ იქნება.

“ხელისუფლებას ბიუჯეტში ისედაც უჭირს, ამდენი პრობლემაა, მარტო ერთი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ხომ არ არის. ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რომელიც გადაიჭრება, ამიტომ უფრო სხვა გზებს ვნახავთ”, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მისი თქმით, ამჟამად ერთ აღსაზრდელს სურს პანსიონის დატოვება და მისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნას ელოდებიან. ამასთან, მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ვისაც პანსიონში გაჩერების სურვილი არ ექნება, ძალით არ გააჩერებენ.

რაც შეეხება აღმზრდელებს, დასაწყისისთვის, საერთო ჯამში, პანსიონში 20 აღმზრდელი იქნება, შემდეგ კი მათი რიცხვი 40-მდე გაიზრდება. მთავარეპისკოპოს იაკობის თქმით, ძალადობის შესახებ ვინც საუბრობდა, ის ბავშვები ძირითადად აღარ არიან პანსიონში

რაც შეეხება გამოძიებას, მისი თქმით, ამ დროისთვის ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვს.


ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოიქცა, რაც ჯერ კიდევ აპრილში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სასულიერო პირები აპარატის წარმომადგენლებს ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად არ უშვებს.

ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.

ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს.

მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. 28 ივნისს კი პირველად 2018 წლის შემდეგ სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად პანსიონში შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი