ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვას სთხოვს, რათა 1.2 მლნ ლარად საერთაშორისო იურიდიული კომპანია დაიქირაოს, რომელიც ფოთის პორტის ახალ ტერმინალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში იქნება ჩართული.
მოლაპარაკებების გარდა, შერჩეული კომპანია საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის მომზადებასა და პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურების მიწოდებაშიც იქნება ჩართული. იურიდიული მომსახურეობის თანხა 1.2 მლნ ლარი სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ 2020 წლის 11 თებერვალს წერილით მიმართა საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური თანამედროვე ნავსადგურის მშენებლობის პროექტით, რამაც სამინისტროს მხრიდან მაღალი დონის იურიდიული მომსახურების საჭიროება განაპირობა.
“ვინაიდან აღნიშნული პროექტი დაკავშირებულია დიდი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვასთან, ინვესტორთა დიდი ნაწილი მოლაპარაკებებისას იყენებს საერთაშორისო იურიდიული ფირმების მომსახურებას. შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესების სათანადოდ დაცვის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულად წარმართვის მიზნით, საჭიროა, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც იყოს ჩართული ანალოგიური საერთაშორისო დონის იურიდიული ფირმა”,- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებაში.
ამასთან, სამინისტრო სთხოვს შესყიდვების სააგენტოს, იურიდიული მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მოხდეს. უწყების ცნობითვე, მომსახურების გამარტივებული შესყიდვა საშუალებას მისცემს სამინისტროს, შეფერხების გარეშე მოახდინოს იურიდიული მომსახურების შესყიდვა შესაძლო უმოკლეს ვადაში, 2020 წლის მაისის ჩათვლით, ხოლო იურიდიული მომსახურების სავარაუდო ვადა 2020 წლის ბოლომდე იქნება.
“იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას და საკონსულტაციო/იურიდიული მომსახურება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, მიზანშეწონილია მომსახურების შესყიდვა მოხდეს გამარტივებული შესყიდვის წესით შესაძლო უმოკლეს ვადაში”,-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს წერილში.
ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ შეიმუშავა ტექნიკური დავალება, რომელიც გაეგზავნათ საკონსულტაციო კომპანიებს, მათ მიერ შესაბამისი შემოთავაზების წარდგენის მიზნით. შედეგად, სამინისტრომ შემდეგი იურიდიული კომპანიებისგან მიიღო შეთავაზება:
1. BDO Legal-ისა და Norton Rose Fulbright-ის გაერთიანებული შემოთავაზება;
2. KPMG;
3. BGI Legal;
4. Deloitte;
5. Ernst & Young;
6. Hogan Lovells.
14 მაისს პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისი თქმითვე, ფოთის პორტის ერთ-ერთი ტემინალი ამერიკული ინვესტიციით შენდება და მისი მთლიანი მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
“ამ პროექტში პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკული ფონდი ახორციელებს. პროექტი დაიწყო და 30 მლნ აშშ დოლარი უკვე გადმოირიცხა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობა შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტებშიც უთითებს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამბობს, რომ 2019 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მიერ ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 647,816 TEU, რაც 2018 წელთან შედარებით 42.7%-ით მეტია. საქართველოს პორტების კონტეინერების გადამუშავების მაქსიმალურ შესაძლებლობას წარმოადგენს 750,000 TEU-ს რაც ტენდენციების გათვალისწინებით უკვე 2021 წელს საკმარისი არ იქნება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რამაც შესაძლოა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეფერხებაც გამოიწვიოს.