ახალი ამბები

ოცნების ლობისტი კონგრესმენებს მორიგ წერილს უგზავნის

22 ივნისი, 2020 • 1889
ოცნების ლობისტი კონგრესმენებს მორიგ წერილს უგზავნის

ლობისტური კომპანიის, Hogan Lovells-ის წარმომადგენელმა ნორმ კოულმანმა აშშ-ის კონგრესმენებს გაუგზავნა წერილები, სადაც გამოეხმაურა „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ (Republican Study Committee — RSC) მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედაა“ მოხსენიებული.

რას წერს ლობისტი კოულმანი?

თავის წერილში კოულმანი, ყოფილი სენატორი და ამჟამად ლობისტი, წერს, რომ ჩანაწერი, რომელშიც ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ მოიხსენიეს, როგორც ჩანს, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გაკეთდა, ხოლო ივანიშვილის ლიდერობითა და „ქართული ოცნების“ მთავრობის წყალობით, საქართველო თავის ისტორიაში დასავლურ ალიანსთან ყველაზე ახლოსაა.

„ქართული ოცნება დიდად აფასებს, რომ სტრატეგიაში ნათქვამია საქართველოს სწრაფვის შესახებ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი. ქართული ოცნება გამოხატავს გარკვეულ შეშფოთებას ნეგატიურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერსა და დამფუძნებელს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეხება. ეს კომენტარები, როგორც ჩანს, ფაქტობრივი მკტიცებულებების გარეშე გაკეთდა. ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ მისი ლიდერობისა და ქართული ოცნების ხელისუფლების დროს საქართველო უფრო ახლოსაა დასავლურ ალიანსთან და აშშ-თან, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს თავის ისტორიაში. ქართული ოცნება ელის RSC-ის წევრებთან მუშაობას აშშ-საქართველოს ურთიერთობის შემდგომი გაგრძელებისთვის“, — ვკითხულობთ კოულმანის წერილში.

თავის წერილთან ერთად, კოულმანს თანდართული აქვს „ქართული ოცნების“ პრეს-რელიზიც — „მისი ერთგულება მშობლიური მხარის მიმართ აბსოლოტურია — ბიძინამ ჩუმად შესწირა 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი საკუთარი სახსრებიდან ქართველ ხალხს — ააშენა ყველაფერი, დაწყებული თეატრებიდან და სპორტული ცენტრებიდან, დამთავრებული კულტურული მემკვიდრეობის მონუმენტების აღდგენით. მისი ლიდერობისას  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო აშშ-თან, NATO-სთან და ევროკავშირთან ბევრად უფრო ახლოს მოაქცია“.

დოკუმენტი, რომელშიც ივანიშვილს „პუტინის მოკავშირეს“ უწოდებენ

საუბარია 10 ივნისს გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტზე, — ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, რომლის სათაურია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“. ის გამოაქვეყნა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსმა (ანუ სამუშაო ჯგუფმა/კომიტეტმა, რომლის სახელია რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (RSC)).

180-გვერდიანი დოკუმენტი მიმოიხილავს იმ არაერთ საკითხს, რასაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელობის მქონედ თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კი შემდეგ კონტექსტშია ნახსენები:

„[აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული] არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი] ვლადიმერ პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

იქვეა ნახსენები უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც ავტორები უწოდებენ „პრორუს ოლიგარქსა და მარიონეტს უკრაინაში, რომელმაც გამოიყენა თავისი მედიაიმპერია, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთს დამაზიანებელი დეზინფორმაციის გავრცელებაში“; იმავე აბზაცში, სანქციების კონტექსტში, ნახსენებია ასევე ვლადიმირ ევტუშენკოვი, რუსეთის მოქალაქე მილიარდერი ოლიგარქი.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა საქნციების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს „კრემლისთვის მუშაობაში ხელს შეუშლიდა“.

ის 13 კონგრესმენი, რომლებიც ხელს აწერენ აღნიშნული დოკუმენტს/სტრატეგიას და, შესაბამისად, ივანიშვილის სანქცირებასაც ითხოვენ, არიან რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და წევრები: ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ კრენშოუ, ბრაიან სტაილი და მაიკლ უოლტსი.

„ოცნების“ მიერ დაქირავებული კომპანია

“ქართულმა ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogal Lovells-სთან 2020 წლის 30 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულს წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები, სადაც მიუთითებდნენ საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, ასევე, პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდებასა და აქციების ძალადობრივ დაშლაზე.

დოკუმენტს “ქართული ოცნების” მხრიდან მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. ხელშეკრულება 1 წლის ვადით, 2021 წლის 31 დეკემბრამდეა გაფორმებული. ბიძინა ივანიშვილის პარტია ამერიკულ ლობისტურ კომპანიას თვეში 75 ათას აშშ დოლარს გადაუხდის. შესაბამისად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 900 ათასი აშშ დოლარია (თითქმის 2.6 მილიონი ლარი).

როგორც FARA.GOV-ზე ატვირთულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, ამერიკული ლობისტური კომპანია “ქართულ ოცნებას” დაეხმარება აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე რჩევების მიცემისა და წარმომადგენლობის კუთხით. ასევე, გაუწევს ადვოკატირებას აშშ-ის ხელისუფლებასთან ურთიერობაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს “ქართული ოცნებისა” და საქართველოს ხელისუფლების ინტერესებზე.

“კომპანია ითანამშრომლებს და მითითებებს მიიღებს არჩეული თანამდებობის პირებისგან, თუმცა იმოქმედებს თავად პარტია “ქართული ოცნების” პირდაპირი მითითებით და კონტროლით”, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

დოკუმენტის მიხედვით, Hogal Lovells-ს ამ დრომდე არ გაუწევია ლობისტური მომსახურება “ქართული ოცნებისთვის”, თუმცა FARA.GOV-ის მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2017 წელს ლობირებას უწევდა “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, ასევე, 2003 წელს “საქართველოს რკინიგზას”.

ამავე თემაზე გირჩევთ:

„13 კონგრესმენი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს – ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი“
„სანქციები ივანიშვილს? – შესაძლებლობა, რისკი და შესაძლო შედეგები“
„რა თქვა კონგრესმენმა ბეიკონმა ივანიშვილსა და ლობისტებზე – სრულად“

მასალების გადაბეჭდვის წესი